თავდაცვის უწყება სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრების სწავლას დააფინანსებს

უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის საფასურის გადახდის გარდა ფრიადოსანი სტუდენტები 750 ლარის ოდენობით „მინისტრის სტიპენდიას“ მიიღებენ.
Sputnik

თბილისი, 6 აგვისტო – Sputnik. სამხედრო მოსამსახურეებს, მათ მეუღლეებს და შვილებს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის საფასურის 50%-ს თავდაცვის სამინისტრო დაუფინანსებს.

სამხედროებზე ორიენტირებული ახალი სოციალური პოლიტიკის ფარგლებში თავდაცვის სამინისტრო სამხედროებისთვის და მათი ოჯახებისთვის განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით კიდევ ერთ ახალ პროექტს იწყებს, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

სამხედროებს ბინები დაუკანონდებათ: თავდაცვის უწყება პროექტის განხორციელებას შეუდგა>>

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თავდაცვის უწყება სახელმწიფოს მიერ დადგენილი  სწავლის მინიმალური საფასურის (2250 ლარი) 50%-ის თანადაფინანსებას უზრუნველყოფს.

გარდა ამისა, ფრიადოსანი სტუდენტები სემესტრში მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის 750 ლარის ოდენობით „მინისტრის სტიპენდიას“ მიიღებენ.

ბინები სამხედროებს შეღავათიან ფასად: ვინ ისარგებლებს პროექტით

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხუთშაბათს პროექტის მნიშვნელობასა და თავდაცვის სამინისტროს სოციალურ პოლიტიკაზე ისაუბრა, რომელიც ჯარისკაცებსა და მათი ოჯახებზე ზრუნვაზეა ორიენტირებული.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს პროექტში მონაწილე უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელებმა, რომლებმაც პროექტში მონაწილეობის მზადყოფნა ურთიერთგაგების მემორანდუმზე ხელმოწერით დაადასტურეს. 

ურთიერთგაგების მემორანდუმი უმაღლეს სასწავლებლებში სამინისტროს ხელმძღვანელების მიერ საჯარო ლექციებს, სამხედრო ქვედანაყოფებში ექსკურსიებს, შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტებსა და სამხედრო თემატიკის შესახებ სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელებას ითვალისწინებს.

როგორც თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი, პროექტ „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში სამხედრო სპეციალისტები გამართავენ პრეზენტაციებს სტუდენტებისთვის საქართველოს სამხედრო ისტორიის, ეროვნული გმირების, თავდაცვის ძალების, სამხედრო სამსახურის, საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობისა და სხვა თემატური საკითხების შესახებ.