თბილისი, 5 აგვისტო - Sputnik. ერთთვიანი სატესტო რეჟიმის შემდეგ ბიზნეს-ვიზიტორების პლატფორმა საქართველოში სრულფასოვნად და წარმატებით ამოქმედდა, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
საქართველოში საქმიანი ვიზიტის განსახორციელებლად უცხოეთის ქვეყნების მოქალაქეებმა წინასწარ უნდა შეავსონ შესაბამისი ფორმა და აღნიშნონ შესაბამისი უწყება, რომლის მოწვევითან ისინი გეგმავენ ქვეყანაში ჩამოსვლას. საქართველოში მივლინებით ჩამოსულმა პირებმა ყოველ 72 საათში კორონავირუსზე PCR–ტესტი უნდა გაიკეთონ ან საკუთარი ხარჯებით სავალედბულო 14–დღიანი კარანტინი გაიარონ. ეს არ ეხება ევროკავშირის წევრ ხუთი ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებთანაც საქართველომ უპირობოდ გახსნა საზღვრები.
„დღეს ჩვენ საკმაოდ შთამბეჭდავი სტატისტიკა გვაქვს – სხვადასხვა ქვეყნიდან 2,7 ათასამდე განაცხადია შემოსული, როგორც რეგიონის, ისე ევროპის ბევრი ქვეყნიდან, საიდანაც ბიზნეს–ვიზიტორს მოკლევადიანი, საქმიანი ვიზიტით სურს საქართველოში ჩამოსვლა. და თქვენ იცით, რომ მოცემულ შემთხვევაში მათ უფლება აქვთ, კარანტინის გარეშე, გარკვეული პერიოდულობით, საკუთარი ხარჯებით ჩაიტარონ PCR–ტესტი“, – განაცხადა თურნავამ.
მისი თქმით, ეს არის უსაფრთხო საქართველოს მოსახლეობისთვის და გარდა ამისა, ქვეყანას ბიზნეს–პროცესების გაცოცხლებისა და ინვესტორთან ურთიერთობის შენარჩუნების შესაძლებლობას მისცემს.
თურნავამ გნაცხადა, რომ რამდენიმე დღის შემდეგ ახალი პლატფორმის კიდევ ერთი პრეზენტაცია ჩატარდება, რომლის წყალობითაც საქართველოში ხანგრძლივი ვადით ჩამოსვლას შეძლებენ უცხოელი ვიზიტორები, რომლებსაც საქართველოდან დისტანციური მუშაობის სურვილი ექნება.
„ამ მიმართულებით ძალიან მაღალი ინტერესი არსებობს, მათ შორის სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტიდან და მათგან, ვინც მუშაობის დისტანციურ რეჟიმში გადავიდა. ასე რომ სწორედ საქართველო გახდება ის ადგილი, საიდანაც ისინი შეძლებენ თავიანთ კორპორაციებში მუშაობას, მაგრამ იცხოვრებენ საქართველოში“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
პროექტის თაახმად, მთავრობა პროექტის თანახმად, მთავრობა გამონაკლისის წესით დაუშვებს ყველა ქვეყნის მოქალაქის საზღვრის კვეთას, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, სულ მცირე, ექვსი თვით ცხოვრების უფლება ექნება.
საქართველოში გრძელვადიანი პერიოდით ყოფნის მსურველებისთვის შემუშავდა განაცხადების მიღების ელექტრონული პლატფორმა.
გრძელვადიანი პერიოდით ვიზიტორის ქვეყანაში შემოსვლისთვის სავალდებულოა სამივე კატეგორიის მოგზაურმა შეავსოს სავალდებულო აპლიკაცია და მიიღოს ქვეყნის საზღვრის კვეთისთვის საჭირო წინასწარი დასტური. განცხადებაში პირები წარმოადგენენ პირად ინფორმაციას, ცნობას დამსაქმებლის ან კონტრაქტორის შესახებ, წინასწარ დასტურს სავალდებულო 14-დღიანი კარანტინის გავლის თაობაზე და ა.შ.
ე.წ. გრძელვადიანი ვიზიტორები 14-დღიან კარანტინს კომერციული ტარიფით, საკუთარი ხარჯით გაივლიან, ასევე განიხილება ექვსთვიანი სამოგზაურო დაზღვევის არსებობა.