ექიმები ექიმების მხარდასაჭერად: აქცია თბილისის საქალაქო სასამართლოსთან

დაკავებულ ექიმებს, რომელთაც ბრალად ედებათ უკანონო საექიმო საქმიანობა, მხარდაჭერა გამოუცხადეს არამარტო ქართველმა, არამედ უცხოელმა ექიმებმაც.
Sputnik

თბილისი, 5 აგვისტო  — Sputnik.  ქართველმა ექიმებმა თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორისა და ექიმების მხარდამჭერი აქცია თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გამართეს. 

კომამდე მიიყვანეს: თბილისში საავადმყოფოს დირექტორი და ორი ექიმი დააკავეს

ექიმ ვახტანგ ყიფიანს ბრალად ედება უკანონო საექიმო საქმიანობა, რომელსაც ჯანმრთელობის დაზიანება მოჰყვა. მას 6–დან 9 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

საავადმყოფოს დირექტორს ბრალად ედება გულგრილობა, მას ორიდან ხუთ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

საქმის კიდევ ერთ ფიგურანტს, ანესთეზიოლოგ მაგდა ხოჭოლავას უკანონო საექიმო საქმიანობისთვის ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, იგი ამ დროისთვის ცხოვრობს და მუშაობს იტალიაში. მასაც ცხრა წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

აქციაში მონაწილეობა მიიღო ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის ცნობილია არამარტო პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, არამედ როგორც პიროვნება, რომელიც ცხინვალში ტყვედ იმყოფებოდა და მსოფლიო საზოგადოების ზეწოლის შედეგად გათავისუფლდა. იგი, ისევე როგორც ბრალდებულთა სხვა კოლეგები, დარწმუნებულია, რომ დაკავებულებს საექიმო საქმიანობის ლიცენზია ჰქონდათ, მაგრამ შეიძლება მათ მოქმედების ვადა ჰქონდათ გასული.

როგორც გაფრინდაშვილმა აღნიშნა, მისთვის გაუგებარია კოლეგების დაკავების მიზეზები.

 „აღნიშნულ საქმეზე 2019 წლის მარტში ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისმა კომისიამ დადგენილება გამოიტანა, რომელიც ჩემი აზრით, არის აბსოლუტურად არასწორი, რადგან ერთ–ერთი მთავარი მიზეზი, რასაც ედავებიან ისაა, რომ ერთ-ერთ ბრალდებულს არ ჰქონდა ლიცენზია ტრავმატოლოგ-ორთოპედიაში და ისე ჩაერია ოპერაციაში. აქ ჩაერია რადიოლოგი და არა ტრავმატოლოგი. ჩემი კოლეგები, რომლებიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში თანამშრომლობდნენ, არ დამალვიან გამოძიებას, რადგან ისინი თავს დამნაშავეებად არ მიიჩნევენ. კვარიათში, ბავშვებთან ერთად, 22:00 საათზე დაკავება არის წარმოუდგენელი“, – განაცხადა გაფრინდაშვილმა. 

თბილისის ცენტრალური საავადმყოფო თავის თანამშრომლებს გამოესარჩლა

რაც შეეხება ანესთეზიოლოგ მაგდა ხოჭოლავას, გაფრინდაშვილის თქმით,   მას 30 წელია იცნობს და ის არის რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგი, რომელიც მუშაობდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში და ახლა იტალიის მოქალაქეა.

დღეს Facebook–ზე ანესთეზიოლოგ მაგდა ხოჭოლავას განცხადება გავრცელდა, რომელშიც იგი უარყოფს მისთვის წარდგენილ ბრალს და აცხადებს, რომ ბოლო 15 წელია ცხოვრობს და მუშაობს იტალიაში, ამიტომაც მედიაში გავრცელებული ფორმულირება იმის შესახებ, რომ იგი ქვეყნიდან გაიქცა, აბსოლუტურად არასწორია.

 „პირველ რიგში, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არ ვეთანხმები პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალს და იმედი მაქვს, მალე სასამართლოს მიერ მიღებული იქნება ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილება. ასევე, მინდა გამოვეხმაურო ტელევიზიით არასწორად გავრცელებულ სრულიად უსაფუძვლო და აბსურდულ ბრალდებას იმის თაობაზე, რომ თითქოს გამოძიებისგან თავის არიდების მიზნით, განზრახ დავტოვე ქვეყანა და „გავიქეცი“ იტალიაში. უკვე 25 წელზე მეტია აქტიურად ვეწევი ლიცენზირებულ, დამოუკიდებელ საექიმო საქმიანობას ანესთეზია-რეანიმაციის მიმართულებით და 10 წელი შესაბამისი ლიცენზიის ფარგლებში, ვმუშაობდი ანესთეზიოლოგად საქართველოში და ბოლო 15 წელიწადია ვცხოვრობ და ვმოღვაწეობ იტალიაში ბერგამოს სააუნივერსიტეტო კლინიკაში, რამაც განაპირობა ჩემი ქვეყანაში არ ყოფნა“, – დაწერა ხოჭოლავამ.

ქართველი კოლეგების მხარდასაჭერად საკუთარი აზრი დააფიქსირა ბერგამოს საუნივერსიტეტო კლინიკის იტალიელმა ექიმმა რობერტო აგაციმ.

 „მინდა დავადასტურო, რომ ჩვენ, იტალიელი ექიმები, 2016–2018 წლებში წარმატებით ვთანამშრომლობდით ჩვენს პარტნიორებთან – ქართველ ექიმებთან პაციენტების განკურნების პროცესში. ეს პროცედურები ემყარებოდა მინიმალურ ინვაზიურ, თანამდეროვე სამედიცინო ჩარევებს სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ“, – დაწერა ექიმმა.

როგორც მან აღნიშნა, იგი კმაყოფილი დარჩა ქართველი ექიმების საქმიანობით, მოტივირებულობითა და მაღალი პროფესიონალიზმით.

მან ქართულ მასმედიაში გავრცელებულ ინფორმაციას დეზინფორმაცია უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ საბოლოოდ სიმართლე იზეიმებს.

კლინიკის Facebook–გვერდზე ასევე გამოქვეყნებულია იმ სამედიცინო დაწესებულებების სია, რომლებიც ღიად გამოხატავენ მხარდაჭერას დაკავებული ექიმებისადმი.