თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. თბილისის ცენტრალურმა საავადმყოფომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც პროკურატურის მიერ მისი თანამშრომლებისთვის წარდგენილ ბრალდებას მთლიანად უარყოფს და მას აბსურდულს, საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან სრულიად შეუსაბამოს უწოდებს.
კლინიკის დირექტორი და ორი ექიმი გულგრილობასა და უკანონო სამედიცინო საქმიანობაში არიან ბრალდებული. კლინიკაში ჩატარებული ორი ოპერაციის შედეგად 25 წლის გოგონა უკვე თითქმის ორი წელია, კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.
საავადმყოფოს დირექცია აცხადებს, რომ პროკურატურის ბრალდება სრული სიცრუეა და არავის დაურწმუნებია პაციენტის ოჯახის წევრები, რომ იტალიელი ექიმების მომსახურებით ესარგებლათ.
„კლინიკა ბოლო რამდენიმე წელია თანამშრომლობს იტალიის ქალაქ ბერგამოს საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორებთან რობერტო აგაცისთან და რობერტო ნანისთან და მათი მეთვალყურეობის ქვეშ, კლინიკის სამედიცინო გუნდის ჩართულობით, ბოლო 3 წლის განმავლობაში 98 პაციენტს გადაუდებელი ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა“, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ 23 წლის გოგონამ საავადმყოფოს 2018 წლის სექტემბერში მიმართა. მას ჩაუტარდა ოპერაცია, რომლის დროსაც სიმსივნე მოკვეთეს. დაახლოებით ორი თვის შემდეგ მან კვლავ იგრძნო დისკომფორტი და განმეორებითი ოპერაცია 2018 წლის 11 ნოემბერს დაინიშნა. ოპერაციას თვალყურს ადევნებდა ცნობილი იტალიელი ექიმი რობერტო აგაცი.
„ოპერაციის დაწყებისას, ანესთეზიოლოგის მიერ პაციენტის ანესთეზიის პროცესში მისი მდგომარეობა გაუარესდა და მიუხედავად იტალიელ-ქართველი ექიმების ჯგუფის მზაობისა, ქირურგიული ჩარევის მაგივრად საჭირო გახდა რეანიმაციული ქმედებების განხორციელება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სრულიად გაუგებარი და აუხსნელია, სად იკვეთება თაღლითური ქმედების ნიშნები“, – აღნიშნულია განცხადებაში.
რუსთავში 18 წლის გოგონა ცხვირის ოპერაციამდე ნარკოზის გაკეთების შემდეგ გარდაიცვალა>>
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პროკურატურის მტკიცება, რომ დაკავებულ ექიმს ვახტანგ ყიფიანს არ ჰქონდა ამ მომსახურების გაწევის შესაბამისი ლიცენზია, დაუსაბუთებელი და მოგონილია.
„ვახტანგ ყიფიანი ცნობილი და ლიცენზირებული ექიმია ინტერვენციული რადიოლოგიის დარგში, 15 წელზე მეტი სტაჟით. მხოლოდ ბოლო 12 თვის განმავლობაში მის მიერ 2000-მდე გადაუდებელი ოპერაცია ჩატარდა. აღნიშნული მანიპულაციაც წარმოადგენდა ინტერვენციულ-რადიოლოგიურ ჩარევას. ვინაიდან პროცედურის დასაწყისშივე გართულდა პაციენტის მდგომარეობა და არ განხორციელებულა ქირურგიული ჩარევა, ნათელია, რომ ვახტანგ ყიფიანის ქმედებები ვერ გახდებოდა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების საფუძველი“, – აღნიშნავენ კლინიკაში.
პროკურატურის მონაცემებით, დაკავებულმა ექიმმა ყიფიანმა ოპერაციის დროს თანაშემწედ აიყვანა ექიმი–ანესთეზიოლოგი მაგდა ხოჭოლავა, რომელსაც ლიცენზია საერთოდ არ ჰქონდა.
თავის მხრივ საავადმყოფოს ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ მაგდა ხოჭოლავა მოქმედი ანესთეზიოლოგია, რომელსაც აქვს ლიცენზია, რომელიც იტალიის შესაბამისმა ორგანომ გასცა და მის კომპეტენტურობაში დაეჭვების საბაბი არ არსებობს.
ისინი ასევე აბსურდულს უწოდებენ კლინიკის დირექტორის გიორგი ლობჟანიძის წინააღმდეგ წარდგენილ ბრალდებას, რომ მან გულგრილობა გამოამჟღავნა და სათანადოდ არ შეასრულა თავისი მოვალეობები, რადგან გოგონას დღემდე უტარდება ყველა საჭირო სამედიცინო პროცედურა.
ვახტანგ ყიფიანს ბრალი წარდგენილი აქვს მუხლით, რომელიც უკანონო საექიმო ან ფარმაცევტულ საქმიანობას ითვალისწინებს, რომელსაც ჯანმრთელობის დაზიანება მოჰყვა. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საავადმყოფოს დირექტორს ბრალად ედება გულგრილობა, მას ორიდან ხუთ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
მაგდა ხოჭოლავამ დატოვა ქვეყანა და მას ბრალი უკანონო საექიმო საქმიანობისთვის დაუსწრებლად წარედგინა, რაც ცხრა წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.