სწორედ ამ პრობლემებზე საუბრობს პედიატრი ინგა მამუჩიშვილი, რომელიც მშობლებს მიმართავს და ზაფხულისთვის საჭირო რჩევა-დარიგებებს აძლევს.
ძვირფასო მშობლებო, დადგა ზაფხული და თქვენც გაემგზავრეთ სოფლებში, აგარაკებზე. ხანგრძლივი იზოლაციის შემდეგ ბავშვები გალაღდნენ, ეს ბუნებრივია და ძალიან საჭიროც. მეცნიერები საბოლოოდ მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ინფექციების ყველაზე ეფექტური პრევენცია ჰიგიენური ნორმების დაცვაა! ამიტომ ხშირად დაბანეთ ბავშვებს ხელები, უფრო ხშირად, ვიდრე ადრე აკეთებდით ამას.
მიაქციეთ ყურადღება – არ ჩაიდონ პირში ხელი, ფოთოლი, ბალახი, რასაც ხშირად აკეთებენ ბუნებაში. კარგად გარეცხილი ხილი, ბოსტნეული და, განსაკუთრებით, მწვანილი 30 წუთით მაინც ამყოფეთ გამდინარე წყალში.
ასვით ბევრი წყალი, მაგრამ რეგიონებში ცენტრალური წყალგაყვანილობის და, ზოგადად, წყლის პრობლემის გამო ჯობს შესთავაზოთ ნაყიდი წყალი ან გადადუღებული და გაგრილებული.
ძალიან მომრავლდა მწერები, ამიტომ, ძილის წინ მაინც, ყურადღებით დაათვალიერეთ ბავშვის სხეული, რომ არ გამოგეპაროთ კანზე მიმჯდარი ტკიპა. გუბეებთან საღამო ხანს ბევრია მოსკიტი, რომლებიც სხვადასხვა დაავადებების გადამტანები არიან, ამიტომ გუბეებთან ნუ ითამაშებენ.
ზოგადად ჯობს ჩააცვათ თხელი გრძელმკლავიანი და გრძელტოტიანი სამოსი. ნუ გაიყვანთ თაკარა მზის პერიოდში, თუმცა მზის პირდაპირი სხივიც სასურველია მოხვდეთ დილის 9-დან 11-მდე და საღამოს 17-დან 19 საათამდე. თუ აუცილებლობის გამო გიწევთ მზეზე გასვლა, ჩააცვით ღია ფერის ტანსაცმელი, დაუტენიანეთ ხილული კანი მზისგან დამცავი კრემით SPF 30-50 და თავზე დაახურეთ კეპი.
მარკეტებში პერიოდულად მაცივრებს რთავენ ელექტროენერგიის ეკონომიის მიზნით (ზუსტად ვიცი), ამიტომ ფრთხილად შეიძინეთ მალფუჭებადი პროდუქტები, ყურადღება მიაქციეთ მითითებულ ვადებს. პურზეც აუცილებლად – შესაფუთი ყუთების მთლიანობას, ნუ იყიდით კრემიან ნამცხვრებს.
ზაფხულში ხშირია დიარეა, ღებინება, რაც შეიძლება კვებითმა ინტოქსიკაციამ გამოიწვიოს, შეიძლება მოხდეს ტემპერატურული რეაქციების თანხვედრაც ამ სიმპტომებთან, რისი მიზეზიც ნაწლავური ვირუსები ან ბაქტერიები შეიძლება იყოს. ასეთ შემთხვევაში დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან მიმართეთ კლინიკას.
ბავშვს შეიძლება ალერგიული რეაქციები განუვითარდეს, ამ სეზონზე განსაკუთრებით ხშირია ცემინება, ხველა, კანზე გამონაყარი, შეშუპება, შეწითლება (მწერის ნაკბენზე). აუცილებელია დიფერენცირება ექიმმა მოახდინოს, ამიტომ იქონიეთ კონტაქტი თქვენს პედიატრთან. ეს ყველაფერი თქვენთვის კარგად ცნობილია, მაგრამ, მერწმუნეთ, შეხსენება არ გვაწყენს. ჯანმრთელი, ბედნიერი და მშვიდობიანი ზაფხული თქვენ და თქვენს პატარებს.