ბაჩალიაშვილის დედა: თუ გამოძიებაში FBI არ ჩაერთვება, შიმშილობას დავიწყებ

გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი დახმარებას ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სთხოვს.
Sputnik

თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა აშშ-ის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გამართა და გოგონას გარდაცვალების საქმის გამოძიებაში აშშ-ის ძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ჩართვა მოითხოვა. 

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ხუთი დღის ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს რაიონში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ის სახლიდან 18 ივლისს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. ოჯახი გოგონას დაღუპვას მის საქმიანობას უკავშირებს (ის პროგრამისტი იყო) და წინასწარი ვერსიის – თვითმკვლელობის არ სჯერა. 

ბაჩალიაშვილის იდუმალებით მოცული გარდაცვალება: ოჯახი პრემიერ გახარიასთან შეხვედრას ითხოვს

თავდაპირველად გოგონას გაუჩინარებაზე საქმე აღძრული იყო თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით, თუმცა შემდეგ კიდევ ერთი მუხლი – თვითმკვლელობამდე მიყვანა დაემატა.

„საელჩოს წინ შიმშილობის დაწყებას ვგეგმავ. ოფიციალური წერილები უკვე გაგზავნილია, პასუხს უკვე სამი დღეა ველოდებით. თუ FBI გამოძიებაში არ ჩაერთვება, ყველას წინაშე ვაცხადებ: მე, დედა, აქ დავჯდები და შიმშილობას დავიწყებ“, – განაცხადა ჟურნალისტებთან გარდაცვლილი გოგონას დედამ თეონა თამაზაშვილმა.

იმ ვარაუდის საფუძველზე, რომ გოგონას გარდაცვალება მის სამუშაოს უკავშირდება, მისი სამუშაო კომპიუტერი შესასწავლად ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს გადაეცა. მონაცემების კოპირება და დეშიფრაცია უკვე დასრულებულია, მათ შესწავლას ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი შეუდგა.

შესაძლო თვითმკვლელობის ვერსიას გამოძიება იმ ფაქტის გათვალისწინებით განიხილავს, რომ სხეულის წინასწარმა დათვალიერებამ ტრავმები და ჭრილობები არ გამოავლინა. ასევე ეჭვს იწვევს ის, რომ ავტომობილში ცხედრის ნივთებში ნაპოვნ წამლებს 20 აბი აკლია. მანქანაში იპოვეს ჩანაწერიც „თანხა ანგარიშზეა, გამოიყენეთ“.

ოჯახს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა. თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით ექსპერტიზის ოფიციალურ დასკვნაზე მუშაობა ჯერ არ დასრულებულა.