რატომ არ სჯიდნენ ბაგრატიონები სიკვდილით მოღალატე ბაღვაშებს: მეფეთა მადლიერება

ბაგრატ მესამეს ბედისწერამ არგუნა ერთიანი საქართველოს პირველი მეფე გამხდარიყო. მას ამ საქმეში, იოანე მარუშისძესთან ერთად, გვერდით ედგა ლიპარიტ ბაღვაში, ერთ-ერთი იმ ბაღვაშთაგანი, რომლებმაც მერე ბაგრატიონებს არაერთხელ უღალატეს და თითქმის „ასწლიანი ომი“ გაუმართეს.
Sputnik

საერთოდ ამ ორი გვარის დაპირისპირებაში ბევრი „უცნაურობა“ და პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს, მაგრამ ის, რომ ლიპარიტ ბაღვაშსაც ჰქონდა წვლილი შეტანილი საქართველოს გაერთიანებაში, მაინც დიდ გამოცანად რჩება.

ვიკინგები სასირეთის ჭალაში: ბაღვაშთან დამარცხებული და სირცხვილნაჭამი სარდალი ინგვარი

ზოგადად, ნებისმიერი პოლიტიკური გადაწვეტილება ეფუძნებოდა ისტორიული პირის პრაგმატიზმსა და გათვლებს. ბაღვაშის პოლიტიკურ გეგმას ეგოიზმიც კი ედო საფუძვლად, მაგრამ ამ დიდ საქმეს ისტორიულმა კანონზომიერებამაც შეუწყო ხელი. თუმცა, რომ არა ქართლის დიდი ერისთავების ― ლიპარიტ ბაღვაშისა და იოანე მარუშისძის მხარდაჭერა, უფლისწული ბაგრატი და მისი მამობილი, ტაო-კლარჯეთის ხელმწიფე დავით მესამე, ალბათ, ვერ შეძლებდნენ ქართლისა და აფხაზეთის დაკავებას. თუმცა ამას წინ უძღოდა ისეთი მოვლენები, რამაც დააჩქარა ქართლში ტაო-კლარჯეთის სამეფო ჯარის გამოჩენა.

967 წელს აფხაზეთის მეფის ლეონ მესამის გარდაცვალების შემდეგ ტახტი მისმა მემკვიდრემ დემეტრე მესამემ დაიკავა. მეორე უფლისწულმა, თეოდოსმა, რომელიც მამის სიკვდილის დროს ბიზანტიაში იმყოფებოდა, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კეისრის წაქეზებით ძმისთვის ტახტის წართმევა მოინდომა.

სამცხეში მისულმა თეოდოსმა იქაურ აზნაურებს მოუხმო, მაგრამ, როგორც ჩანს, დემეტრეს მსტოვრებმა ადრევე აცნობეს ძმის ღალატი და მანაც სამცხეში ერთგული ჯარი გაგზავნა. თეოდოსის ჯარი სასტიკად დამარცხდა, ხოლო თავად სიკვდილს ძლივს გაასწრო.

დავით აღმაშენებლის მსტოვართა სამსახურის სპეცოპერაციები: „სახლი გამამწარებელი“

დევნილმა უფლისწულმა თეოდოსმა ჯერ ძამას ციხის პატრონ ადარნასეს, ხოლო შემდეგ კახეთის ქორეპისკოპოს კვირიკეს შეაფარა თავი. აფხაზთა მეფე დემეტრემ კახეთის ქორეპისკოპოსს შეუთვალა – რაკი ჩემი ძმა შენთანაა, ჩვენს შორის ბრძოლა არ დაილევა ავ კაცთა ავი სიტყვებისგან; ამიტომ გთხოვ, ჩემი ძმა შენი შუამდგომლობით მე მომანდე და სიტყვას გაძლევ, ჩვენ თვითონ თანასწორად გავიყოფთ ჩვენს სამეფოსო. კვირიკემაც შუამდგომლობა იკისრა და თეოდოსს პირობა მისცა, „მე ვიყო მეძიებელი შენი სისხლისაო“ და ძმას გადასცა.

ორივე მხარემ საჯაროდ დაიფიცა მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში, კათალიკოსის, მღვდელმთავრებისა და წარჩინებულების თანდასწრებით. მაგრამ ქუთაისში დაბრუნებულმა დემეტრე მეფემ დაივიწყა ფიცი და ძმას თვალები დასთხარა. თუმცა ამის შემდეგ თავადაც დიდხანს აღარ უცოცხლია, უმემკვიდრეოდ გადაეგო და აფხაზეთის ტახტი უსინათლო ძმას ― თეოდოს მესამეს დარჩა.

დემეტრეს მოულოდნელმა გარდაცვალებამ და მისი ძმის გამეფებამ დიდი შეშფოთება გამოიწვია ქართლში. საქმე ისაა, რომ ძმებს შორის გაჩაღებულ ომში ქართლის დიდერისთავები მხარს დემეტრეს უჭერდნენ და ტახტზე თეოდოსის ასვლის შემდეგ მათ ანგარიშწორებისა ეშინოდათ.

სულთნის საპატიო ტყვე ლიპარიტ ბაღვაში: სიტყვისა და თავისუფლების ფასი

შესაბამისად, დემეტრეს ყოფილმა მომხრეებმა იმაზე დაიწყეს ზრუნვა, რომ თვალებდათხრილი თეოდოსის რისხვისგან თავი დაეცვათ. იოანე მარუშისძე და მისი მომხრეები ტაო-კლარჯეთის მეფე დავით მესამე კუროპალატს დაუკავშირდნენ და მისი მფარველობის ქვეშ შევიდნენ. მაგრამ ეს მაინც არ იყო საკმარისი. იოანე მარუშისძესაც და ლიპარიტ ბაღვაშსაც დიდი სამფლობელოები ჰქონდათ აფხაზეთშიც (მარუშისძე კოდორს ფლობდა, ბაღვაში ― კაცხის მამულს) და თუ აფხაზთა მეფე მათ ქართლში ვერ მისწვდებოდა, ქართლის ერისთავებისთვის კოდორისა და კაცხის მამულების წართმევა ნამდვილად ხელეწიფებოდა. ამიტომ თეოდოსი უნდა დაემხოთ. და ვისაც ამის გაკეთება შეეძლო ― ეს ტაო-კლარჯეთის მეფე და მისი შვილობილი იყვნენ.

სხვათა შორის, არც დავით კუროპალატს ჰყავდა მემკვიდრე, ამიტომ აფხაზთა მეფე ლეონ მესამის ასულ გურანდუხტისა და გურგენ ქართლის მეფის ვაჟი, უფლისწული ბაგრატი იშვილა ― „ბაგრატ გაეზარდა შვილად თვისად“. ანუ უფლისწული პატარაობიდანვე იზრდებოდა ტაოში და ის იყო ტაო-კლარჯეთის, აფხაზეთისა და ქართლის სამეფო ტახტის ერთადერთი პრეტენდენტი. სწორედ ამ პოსტულატს ემყარებოდა იაონე მარუშისძისა და მისი მომხრე ქართლის ერისთავების გეგმა, რომ ბაგრატს დაეკავებინა ქართლისა და აფხაზეთის სამეფოები.

ევროპის მპყრობელ უძლეველ ვიკინგთა მარცხი საქართველოში და ბაღვაშის უცნაური სასჯელი

ქართლში ტაოს ჯარს არავითარი დაბრკოლება არ შექმნია. იოანე მარუშისძემ და ლიპარიტ ბაღვაშმა ეს ლაშქარი არა მარტო გაატარეს თავიანთ სამფლობელოებზე, არამედ ერთგული მეომრებით გვერდით ედგნენ ბაგრატს, როდესაც მან უფლისციხე დაიკავა და ქართლში გამეფდა. ბაგრატმა ქუთაისის სამეფო ტახტიც დაიჭირა და გაერთიანებული სამეფოს ხელმწიფე გახდა.

შეგნებულად მოხდა თუ შეუგნებლად, ლიპარიტ ბაღვაშმაც დადო ერთი აგური საქართველოს გაერთიანების საქმეში, თუმცა მოგვიანებით მან და მისმა მომხრეებმა ხაზი გადაუსვეს ყველაფერს და „სისხლი გაუშრეს“ ბაგრატიონებს. სამაგიეროდ, ბაგრატიონებს არ დავიწყებიათ ეს ამაგი. ბაღვაშთა თითქმის ხუთი თაობა ებრძოდა ბაგრატიონებს და ქართველი მეფეები ყველა მათგანის მიმართ საოცარ გულმოწყალებას იჩენდნენ ― ატუსაღებდნენ მათ, ქვეყნიდანაც აძევებდნენ, მაგრამ სიკვდილით, რასაც ნამდვილად იმსახურებდნენ, როგორც მეფისა და ქვეყნის მოღალატეები, არც ერთი ბაღვაში არ დაუსჯიათ...