თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის ლევან აკინის მიერ არატრადიციულ სიყვარულზე გადაღებულ ფილმს „და ჩვენ ვიცეკვეთ“ გერმანიის კინოთეატრებში უჩვენებენ.
როგორც საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის Facebook-გვერდზეა ნათქვამი, ფილმის ჩვენება გერმანიის 53 ქალაქში გაიმართება.
ამ მოვლენას გერმანულმა გაზეთმა Berliner Zeitung-მა რეცენზიაც მიუძღვნა. სტატიის ავტორი მკითხველს საქართველოს ისტორიას აცნობს და აღნიშნავს, რომ ერთ დროს საქართველო საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო, მაგრამ ახლა იგი „თავისუფალი სახელმწიფოა“.
გაზეთი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ 2014 წელს მიღებული ადმინისტრაციული კანონის მიუხედავად, ქვეყანაში ლესბოსელებსა და გეებს საკუთარი ორიენტაციის ღიად აღიარება თავისუფლად არ შეუძლიათ.
მასალაში ასევე აღნიშნულია, რომ როდესაც 2019 წლის ნოემბერში თბილისის ხუთ კინოთეატრში ფილმ „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა იმართებოდა, მაყურებელთა დაცვის მიზნით პოლიციის მობილიზება გახდა საჭირო. ფილმს წინააღმდეგობა შეხვდა ქართული ნაციონალისტური ჯგუფებისგან. ქუჩაში გამოსული აღშფოთებული ადამიანები პროტესტს გამოთქვამდნენ, ყვიროდნენ „სირცხვილია!“. ჩვენების საწინააღმდეგო დემონსტრაციებზე 30-მდე ადამიანი დააკავეს.
„და ჩვენ ვიცეკვეთ“ არის ფილმი, რომელმაც პრესტიჟულ კინოფესტივალებზე მრავალი ჯილდო მოიპოვა. ერთ-ერთი ბოლო ხმაურიანი აღიარება შვედეთში გამართულ კინოფესტივალზე The Guldbagge Awards სამ მთავარ ნომინაციაში გამარჯვებაა. ფილმმა მიიღო პრიზი „წლის საუკეთესო ფილმი“. მთავარი როლის შემსრულებელი ლევან გელბახიანი „საუკეთესო მსახიობის“ ტიტულით დაჯილდოვდა, ხოლო ლევან აკინმა მიიღო პრიზი „საუკეთესო სცენარისთვის“.
2019 წელს ლევან გელბახიანმა აღნიშნულ ფილმში შესრულებული მთავარი როლისთვის არაერთი ჯილდო მიიღო. აღსანიშნავია ლევან გელბახიანის წარმატება, რომელიც Europian Film Promotion-ის ვერსიით ათი საუკეთესო, ამომავალი და ყველაზე პერსპექტიული ვარსკვლავების სიაში მოხვდა.
ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა მოცეკვავე მერაბის შესახებ, რომელიც რადიკალურად იცვლება მას შემდეგ, რაც თავისი ამბიციური მეტოქე ირაკლი შეუყვარდება.
ფილმის ჩვენება აშშ-ის კინოთეატრებშიც გაიმართა.