ნევროლოგი: კატეგორიულად არ შეიძლება ზაფხულში ბავშვებისთვის დავალებების მიცემა

მინდა თავიდანვე შევთანხმდეთ, რომ ყველა ბავშვი ნიჭიერი და განსაკუთრებულია. სწორი ხელშეწყობის შემთხვევაში ნებისმიერ ბავშვს შეუძლია საკუთარი პოტენციალის ამაღლება...
Sputnik

მშობლები ხშირად ბავშვის დაბადებამდეც ბევრს ფიქრობენ და დარდობენ შვილის გონებრივ შესაძლებლობებზე, ნიჭზე. როგორ უნდა განვსაზღვროთ – არის თუ არა ბავშვი ნიჭიერი, რამდენად საშიშია ბავშვისთვის ფრაზა „ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი“ და რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა ზაფხულში, არდადეგების დროს, ამ თემაზე ბავშვთა ნევროლოგმა ბაკურ კოტეტიშვილმა ისაუბრა გადაცემაში „პირადი ექიმი".

- ნებისმიერი მშობლისთვის მისი პირმშო არის განუმეორებელი. ამაში არაფერი არ არის დასაძრახი. ბიოლოგიურად მართლა ასეა, ყველა ბავშვი არის განუმეორებელი, ინდივიდი. რადგან ჩვენი ორგანიზმი მუდმივად მართვადია ჩვენი ტვინის მიერ, აბსოლუტურად ყველაფერი, რაც კი ხდება ცხოვრების მანძილზე, დაბადებიდან სიკვდილის ჩათვლით, ეს ყველაფერი ტვინის ფუნქციონირების სხვადასხვა ეტაპებია. შესაბამისად, ყველას აინტერესებს, მისი პირმშო ტვინის როგორი შესაძლებლობებით იქნება. რაც ადამიანის მოდგმა არსებობს, ეს კითხვა ყოველთვის იყო, იმიტომ რომ უამრავი მოსაზრებებით, უამრავი ცრუ თეორიებით გადარჩეულიყო საზოგადოების რასა, რომელიც იქნებოდა მაღალი შემოქმედებითი ან ქმედითი ტვინით. შემდგომ ეს მასა შექმნიდა განსაკუთრებულ რაღაც სისტემებს, რომლებიც განსხვავებული იქნებოდა როგორც სახელმწიფოებრივი, ასევე საზოგადოებრივი თვალსაზრისით, ტექნოლოგიებით და ა.შ. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ასეთი რამ ვერ მოახერხეს. ინტელექტის წინასწარი პროგნოზი და ამ ნიშნით გადარჩევა არარეალისტურია ამ ეტაპზე და რეალურად არც ეთიკურია.

როცა ორგანიზმს წყალი აკლია: რა არის გაუწყლოება და როგორ ამოვიცნოთ ის

- ბრძანეთ, რომ ადამიანის ტვინის შესაძლებლობა არის უნიკალური. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი ტვინიც სხვებისგან გასხვავებულად მუშაობს. მაგრამ არის საერთო მახასიათებელი, რასაც ჰქვია ინტელექტი. არის თუ არა ეს ობიექტური განმსაზღვრელი ტვინის შესაძლებლობის და როდიდან შეგვიძლია ამაზე ლაპარაკი?

- რადგან ტვინი გახლავთ ორგანო, მას აქვს თავისი ანატომიურ–ფუნქციური სტრუქტურები, ბიოლოგიური დეპარტამენტები და თითოეული ასრულებს უნიკალურ ფუნქციებს. შესაბამისად, ტვინი არასდროს არ უნდა განვიხილოთ, როგორც რაღაც ერთი კერძო ფუნქციის მატარებელი. ის უნდა განვიხილოთ როგორც „დირიჟორი“. ანუ ტვინსაც თავისი „დირიჟორი“ ჰყავს, კერძოდ, შუბლის წილი, ანუ შუბლის წინა ნაწილი. თვითონ ეს შუბლის წილი კიდევ ტვინის „დირიჟორია“. შესაბამისად, რადგან ინტელექტზეა საუბარი, ეს არ არის რაღაც კერძო, ერთი ფუნქცია და შესაძლებლობა. ეს არის ნაკრები, რომელიც მხოლოდ ერთ უბანს არ უკავშირდება. არსებობს ე.წ. ემოციური ინტელექტი. არიან ადამიანები, რომლებსაც იოლად შეუძლიათ ემოციის გამოხატვა, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებსაც უჭირთ ემოციის გამოხატვა. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ისევ მივდივართ ტვინის ფუნქციონირებასთან. თუმცა ეს არ ნიშნავს სერიოზულ ნაკლს. ცალკე აღებული რაიმე სტრუქტურა, ან ტვინის ცალკე აღებული რაიმე ნაწილი არასწორია და არც უნდა განიხილებოდეს არასოდეს. ეს არის სისტემა, უზარმაზარი ქსელი ნეირონებისა. მოგეხსენებათ, ნეირონები არის თავის ტვინის სტუქტურული ერთეული, ამიტომ ეს ქსელი ჯერ კიდევ თანდაყოლილად, გენეტიკურად დაბადებულია. ინტელექტის დამემკვიდრება დაახლოებით 0.2-0.5 კოეფიციენტით ხასიათდება. ადამიანის განვითარების მთელ ისტორიაში საბოლოო ჯამში ნეირომეცნიერები მიდიან იმ დასკვნამდე, რომ ახლა უკვე მდედრი დაწყვილებისას ეძებს არა ფიზიკურად მძლავრს, არამედ ინტელექტუალურად მძლავრ პარტნიორს, რამეთუ ინტელექტუალური შესაძლებლობები აღემატება ფიზიკურს.

ჭარბი ოფლიანობის მიზეზი და მასთან ბრძოლის მეთოდები

- ხშირად გვსმენია ფრაზა „ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი", რაც იმას ნიშნავს, რომ ერთია მოცემულობა - მას აქვს ნიჭი, ამით დაიბადა, მაგრამ მეორეა მისი ცხოვრების წესი, არჩევანი, თუ როგორ ეფექტურად გამოიყენებს ამ მოცემულობას. რა არის ამაში რეალობა და რამდენად საშიშია ეს ფრაზა ჩვენი საზოგადოებისთვის?

- რა თქმა უნდა, ეს ფრაზა არსებობს და ჩვენი თაობის მოგონილი არ არის. მასში არის რაღაც სიმართლე, მაგრამ საკმაოდ დიდი სირუეცაა. კერძოდ: ბავშის ქცევა, მისი ყოველდღიური ქმედება არის ე.წ. სტიმულდამოკიდებული მდგომარეობა. მას თუ სტიმული არ აქვს, ქცევას ძალიან ამცირებს. მის განვითარებაში რამდენიმე ასპექტი მუშაობს. ეს არის მოპოვების, შემეცნების და გაცნობის. შემდეგ მოპოვებული და გაცნობილი სამყაროს სწორად გამოყენება უნდა შეძლოს. აქ უნდა ჩაერთოს პედაგოგიკის ელემენტები, მაგრამ მშობლებს თავიდანვე აკრძალვა შემოაქვთ. ბავშვი თუ არ აძვრა, მან თუ არ დაშალა, ააწყო – ვერ გაიგებს, რა რისგან შედგება. წყალი რომ ასხია ჭიქაში, თუ არ გადმოასხა, როგორ უნდა მიხვდეს, რომ თხევადია. სამწუხაროდ, ამ ყველაფერს ვუკრძალავთ. ეს კი მის ტვინში ფიქსირდება, როგორც ნეგატიური აქტივობა. სამომავლოდ, ეს აბსოლუტურად გააფუჭებს მის თვითშეფასებას, იმიტომ რომ ყველაფერი ეკრძალებოდა. მშობლებს კი ყველაფერი დაშვებული გვაქვს, რადგან ვფიქრობთ, რომ რადგან მშობლები გავხდით, ჩვენი გადაწყვეტილებები, ჩვენი ფიქრები, ჩვენი აზრები და ქმედებები აბსოლუტურად ჭეშმარიტია. სინამდვილეში, დავფიქრდეთ, რამდენი შეცდომა გვაქვს დაშვებული? მაგრამ ბავშვი ვალდებულია აკეთოს ის, რასაც მე ვეტყვი, იმიტომ რომ მე უკვე „მცოდნე" ვარ. ოტია იოსელიანმა თქვა: „რავა, შტერი მოხუცი არ გინახავთ? გევიდეთ კარში და გაჩვენებთ, რამდენიც გინდათ". მოზრდილობა და ხანშიშესულობა არ ნიშნავს სიჭკვიანესა და სიბრძნეს. თუ ბავში ნიჭიერია, აუცილებლად მოხდება მისი ნიჭის რეალიზაცია. მაგრამ თუ მასზე ზეწოლაა და იფიქრებთ, რომ რაკი ნიჭიერია, ყველაფერი უნდა იცოდეს – არასწორი მიდგომა იქნება. ჯობს, რომ თავისი ინტერესების გათვალისწინებით იცოდეს კონკრეტული რამ, ვიდრე ყველაფერი ზედაპირულად. ჩვენ ასე გავიზარდეთ, ყველაფერი ვიცოდით, მაგრამ სინამდვილეში ბევრი არაფერი. საბაზისო შეიძლება იყოს ზოგადი განათლება, მაგრამ შემდეგ კონკრეტული რამ უნდა ისწავლოთ საფუძვლიანად. გახსოვთ, ალბათ, „ელიავას ფენომენი“, როცა ეკითხებოდნენ რისი მუშა ხარო და პასუხი იყო - ყველაფრის. ასეთი რამ არ შეიძლება. ჯობს, რომ ერთ რაღაცას აკეთებდეს ხარისხიანად, ვიდრე ყველაფერს უხარისხოდ.

- როგორ უნდა განვსაზღვროთ წინასწარ – არის თუ არა ბავშვი ნიჭიერი?

- არსებობს უამრავი ფსიქოლოგიური ტესტი, რომელსაც აქვს თავისი ასაკობრივი ზღვარი. თუმცა IQ ფარდობითი მცნებაა და ღრმა სტრუქტურული შეფასება ამით ვერ მოხდება. „100“ ნორმად მივიღეთ და ტესტით ვსაზღვრავთ, ამასთან მიმართებით რამდენი აქვს. ნიჭიერებაც ფარდობითია.

რა არის ბავშვის „ნასიცხი“ და როგორ ვებრძოლოთ მას: პედიატრის რეკომენდაცია

- შეიძლება თუ არა ნიჭიერების წვრთნა და რას ურჩევთ მშობლებს ზაფხულისთვის?

- ზაფხული – ეს არის თავისუფლება. ეს არის ადგილისა და გარემოების გამოცვლის პერიოდი. ჩვენ ამას „ჰაერზე წაყვანას" ვეძახით. სინამდვილეში ჰაერი კი არა, სივრცეა მთავარი ბავშვის განვითარებისთვის, რომელიც ქალაქის ტიპის დასახლებაში შეზღუდულია. სულ რომ 10-ოთახიანი ბინა გქონდეთ, ის მაინც ჩაკეტილი სისტემაა. შესაბამისად, ზაფხული, თავისუფლება, მინდორი, სივრცე – ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებისთვის. კატეგორიულად არ შეიძლება ზაფხულში ბავშვებისთვის დავალებების მიცემა. ეს ანტიპედაგოგიკაა. მშობლებსაც უხარიათ, რომ ერთი-ორი საათი დასვამენ და ამეცადინებენ ბავშვებს. არაფერი არ უნდა გააკეთონ, უნდა ირბინონ – ეს განვითარებაა და მიეცით საშუალება, რომ განვითარდნენ.