ქართული ატამი და ვაშლატამა ექსპორტზე: სად და რამდენი გაიტანეს

ქართული ატამი და ვაშლატამა ძირითადად რუსეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში გააქვთ. ატმისა და ვაშლატამას მოსავლის აღება აქტიურ ფაზაშია
Sputnik

თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. საქართველოდან უკვე 16 273 ტონა ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული, რაც 6 521 ტონით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე, იუწყება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

ქართული ატმისა და ვაშლატამას ძირითადი საექსპორტო ქვეყნებია რუსეთი, სომხეთი და აზერბაიჯანია.

სეზონური დასაქმება სამშობლოში: მთავრობის ახალი შეთავაზება უმუშევრად დარჩენილთათვის

2 აგვისტოს მდგომარეობით, რუსეთში ექსპორტირებულია 10 108 ტონა ატამი და ვაშლატამა, რაც მთლიანი მაჩვენებლის 62% შეადგენს,  სომხეთში გატანილია 5 323 ტონა, (33%) ხოლო აზერბაიჯანში -543 ტონა (3%).

ექსპორტი ასევე ხორციელდება ყაზახეთში, მოლდოვაში, სლოვენიაში, უკრაინასა და სინგაპურში.

უწყების ცნობით, ატმისა და ვაშლატამას მოსავლის აღება აქტიურ ფაზაშია.

მოსავლის შეუფერხებლად დაბინავებისა და რეალიზებისთვის  კი სრული დატვირთვით 22 სამაცივრო მეურნეობა მუშაობს.

ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა „ერთი ფანჯრის“ პრინციპით ხორციელდება. პროცესში ჩართული არიან ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები. 

კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი სირთულეების მიუხედავად, საქართველო შეუფერხებლად ახორციელებს ატმისა და ვაშლატამას ექსპორტს. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გახსნა „მწვანე დერეფანი“, რომლის წყალობითაც ექსპორტიორები ახერხებენ ხილის სწრაფად გატანას საზღვარგარეთ COVID-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვების პირობებშიც კი.

ქართული ატმის იმპორტი რუსეთში შეუფერხებლად მიმდინარეობს>>

უწყებაში აღნიშნავენ, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად მუშაობს ინფორმაციის მოპოვების, სისტემატიზაციის, ფერმერებისა და ატმის რეალიზატორების  დაკავშირების მიმართულებებით.