ცნობილი ადამიანები: ნობელის პირველი ლაურეატი ქალი საქართველოში ცხოვრობდა

ბერტა ფონ ზუტნერი იყო პირველი ქალი, რომელმაც 1905 წლის 10 დეკემბერს ნობელის მშვიდობის პრემია მიიღო
Sputnik

ერთი ჩემი უმცროსო მეგობარი დადიანების საგვარეულო სასახლეებზე ნაშრომს ამზადებდა და დახმარება მთხოვა. უარი არ მითქვამს და რჩევაც, ვგონებ, სასარგებლო მივეცი. თუმცა საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ მე უფრო მეტი სარგებელი ვნახე ამ საქმიდან.

მასალების გაცნობისას აღმოვაჩინე, რომ ნობელის მშვიდობის პრემიის პირველი ქალი ლაურეატი თურმე ლამის ათი წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. ამაში კი დიდი წვლილი სამეგრელოს დედოფალ ეკატერინე ჭაჭავაძე-დადიანს მიუძღვის. ახლა კი მოკლედ მოგახსენებთ ამ ისტორიას.

ცნობილი ადამიანები: ნობელის პირველი ლაურეატი ქალი საქართველოში ცხოვრობდა

ბერტა ფონ ზუტნერი 1843 წლის 9 ივნისს დაიბადა დიდგვაროვან ოჯახში პრაღაში. მისი ქალიშვილობის გვარია გრაფინია ფონ კინსკი. მიუხედავად იმისა, რომ  გრაფინიად დაიბადა, მაინც არასდროს მიეკუთვნებოდა უმაღლეს საზოგადოებას — მამამისი გრაფი ფრანც მიხაელ კინსკი მის დაბადებამდე, 75 წლის ასაკში გარდაიცვალა, ხოლო დედა, სოფი ვილჰელმინა, რომელიც არადიდგვაროვანი წარმოშობისა იყო, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ქმრის ოჯახს ჩამოაშორეს.

დედის აზარტული თამაშებისადმი მიდრეკილებას შეეწირა ბერტას მზითევი. ახალგაზრდა ბერტა რამდენჯერმე დაინიშნა: მისი საქმრო, თავადი და მომღერალი ადოლფ ვიტგენშტაინი, რომელიც დებიუტით უნდა გამოსულიყო ნიუ-იორკის საოპერო თეატრში, ამერიკისკენ მიმავალ გემზე მოულოდნელად გარდაიცვალა. ბერტამ კი მორიგ ხელის მთხოვნელზე, 34 წლით უფროს მილიონერ გუსტავ ფონ ჰაინე-გელდერნზე გათხოვებას გუვერნანტად მუშაობა არჩია. და 1873 წელს კარლ ფონ ზუტნერის ოჯახში დაიწყო მუშაობა ვენაში.

როგორ შეარქვა ინგლისის დედოფალმა მიხეილ ხერგიანს „კლდის ვეფხვი“

ბერტასა და ზუტნერების ვაჟს,  შვიდი წლით უმცროს არტურს ერთმანეთი შეუყვარდათ. როდესაც ზუტნერების ოჯახმა ამის შესახებ შეიტყო, ბერტა სახლიდან დაითხოვეს.

1875 წლის შემოდგომიდან 1876 წლის ზაფხულამდე ბერტა შვედი ინჟინრის, ალფრედ ნობელის პირადი მდივანი იყო პარიზში. ნობელს, რომელსაც დინამიტის გამოგონებამ მილიონები მოუტანა, შეუყვარდა ბერტა, მაგრამ ქალი ვენაში დაბრუნდა, სადაც მან და არტურ ფონ ზუტნერმა საიდუმლოდ იქორწინეს. მშობლებმა, რომლებიც ამ ქორწინების წინააღმდეგნი იყვნენ, არტურს მემკვიდრეობა ჩამოართვეს. ამის შემდეგ ახლადდაქორწინებულები თითქმის ათი წლით გადმოსახლდნენ საქართველოში, სადაც ისინი სამეგრელოს დედოფლმა ეკატერინე დადიანმა მიიწვია.

ეკატერინე დადიანს ბერტა 1864 წლის ზაფხულში გაუცვნია ბად ჰომბურგში. სამეგრელოს დედოფალი ძალიან ბევრს უყვებოდა ბერტას საქართველოზე, მის ისტორიაზე, ბუნებაზე. სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ გადაუწყვეტია ბერტას საქართველოში ჩამოსვლა.

„ჩვენი მიზანი იყო იმ ქვეყანაში მოხვედრა, – წერდა ბერტა თავის წიგნში, – საიდანაც იაზონმა ოქროს საწმისი გაიტაცა… ჩვენს წინაშე მოულოდნელობით აღსავსე ახალი სამყარო გადაიშალა“.

ბერტამ და მისმა მეუღლემ, მწერალმა არტურ გუნდაკარ ფონ ზუტნერმა ხუთი წელი ზუგდიდში გაატარეს, ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანის კარზე. ისინი, ფრანგ ჟურნალისტ ჟიულ მურიესთან ერთად,  იონა მეუნარგიას აქტიურად ეხმარებოდნენ „ვეფხისტყაოსნის“ ფრანგულად თარგმნაში.

არტურ გუნდაკარ ზუტნერი წერდა: „ვეფხისტყაოსანი“ იყო და იქნება ქართული ნაწარმოები. ის მაღლა დგას „როლანდზე“ და საერთოდ, ვერაფერს ამნაირს იოლად ვერ იპოვით დასავლეთის ლიტერატურაში“.

1878 წლიდან ზუტნერები საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდნენ და იმ დროისთვის ევროპულ უბანში, დღევანდელ აღმაშენებლის პროსპექტზე დასახლდნენ. თბილისში მათ ეკატერინე დადიანმა სარეკომენდაციო წერილი გამოატანა ერეკლე ბაგრატიონის ქვრივთან, თამართან.

თათარხან დადეშქელიანის გაჩუქებული უშბის მთა, ანუ რა ფასი აქვს ქალის ცრემლს საქართველოში

არტური ავეჯის ფაბრიკაში მხატვარ-გამფორმებლად მუშაობდა, ბერტა კი ფრანგულ და გერმანულ ენებსა და მუსიკას ასწავლიდა მსურველთ და ასე ირჩენდნენ თავს. ბერტაც და არტურიც საქართველოში ჩამოყალიბდნენ მნიშვნელოვან მწერლებად და პუბლიცისტებად.

მოგვიანებით ზუტნერები ზუგდიდში დაბინავდნენ, ქალაქის იმ ნაწილში, სადაც „გერმანული კოლონიაში“ ვიურტემბერგელი გლეხები ცხოვრობდნენ. სწორედ მათგან იქირავეს ფეშენებელური სახლი.

ზუგდიდში ისინი პრინც აშილ მიურატის ოჯახში მუშაობენ:  გუნდაკარი მიურატების მიერ წამოწყებული მშენებლობის მეთვალყურე და ხელმძღვანელი იყო, ხოლო ბერტა კი მის ვაჟებს ასწავლიდა გერმანულსა და მუსიკას. ზუგდიდში დაწერა ბერტამ რომანები: „ცუდი ადამიანი“, „ჰანა“, „სულის ინვენტარიუმი“.

1885 წლის მაისში ზუტნერები ვენაში დაბრუნდნენ და შეურიგდნენ არტურის ოჯახს, რის შემდეგაც ჰარმენსდორფში მდებარე საგვარეულო სასახლეში დაიდეს ბინა.

 ბერტა ზუტნერი მშვიდობისათვის თავდადებული მებრძოლი იყო, ომის მოწინააღმდეგე, პაციფისტი. ომის საშინელებებს მიუძღვნა მან რომანი „ძირს იარაღი!“ (1889 წ.), რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად — ის 16 ენაზეა თარგმნილი და უამრავჯერ გამოცემული.

გენიოსი ბუხუტი ივანიჩი: როგორ გადაარჩინა ქართველმა დიდოსტატმა მარცხს მსოფლიო ჩემპიონი

ბერტა ფონ ზუტნერის ცხოვრებაში 1892 წელი ძალზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა: შვეიცარიის ქალაქ ბერნში შედგა პაციფისტების საერთაშორისო კონგრესი, რომლის ინიციატორი იყო ამერიკის პრეზიდენტი ბენჯამინ ჰარისონი. მან მოუწოდა ევროპის მთავრობებს, გაერთიანებულიყვნენ და შეექმნათ საარბიტრაჟო სასამართლო. ამ კონგრესს დაესწრო ალფრედ ნობელიც.

ბერნის კონგრესის დამთავრების შემდეგ ალფრედ ნობელი რამდენიმე დღეს ციურიხში იყო. მარტოს რომ არ დაესვენა, თავის იახტაზე (ციურიხის ტბაზე) მიიწვია ბერტა ფონ ზუტნერი და მისი მეუღლე. ნობელმა სწორედ ციურიხის ტბაზე გადაწყვიტა, თავისი წვლილი შეეტანა მშვიდობის საქმეში, რაც შემდგომ განახორციელა კიდეც.

ბერტა ფონ ზუტნერი იყო პირველი ქალი, რომელმაც 1905 წლის 10 დეკემბერს მიიღო ნობელის მშვიდობის პრემია — პრემია, რომლის დაარსებაც ნობელს სწორედ მან შთააგონა იმ ზარალის საზღაურად, რომელიც მის მიერ გამოგონილმა დინამიტმა მოუტანა კაცობრიობას.

მიუხედავად იმისა, რომ ალფრედ ნობელს მშვიდობის პრემიის შემოღებისას პრემიის მფლობელად სწორედ ბერტა ფონ ზუტნერი ჰყავდა მოაზრებული, იგი მაინც პრემიის რიგით მეხუთე  ლაურეატი აღმოჩნდა. 1912 წელს ბერტა ფონ ზუტნერი აკეთებდა პროგნოზს საერთაშორისო გამანადგურებელი ომის შესახებ, რის გამოც მას ხშირად დაცინვით „მშვიდობის ბერტასაც“ უწოდებდნდნ. 

1914 წლის 21 ივნისს, მისი გარდაცვალებიდან ერთი კვირის შემდეგ, სარაევოში ავსტრიის ტახტის მემკვიდრე ფრანც ფერდინანდი მოკლეს. ერთი თვის შემდეგ კი ავსტრია-უნგრეთის იმპერიამ ომი გამოუცხადა სერბეთს: დაიწყო პირველი მსოფლიო ომი.  

ბერტა ფონ ზუტნერის უკანასკნელი სიტყვებია: „ძირს იარაღი! უთხარით ეს ბევრს, ბევრს…“