თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. წყალდიდობისგან დაზარალებული რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ დაკავებული თანამდებობა დღეს დატოვა. ჯაფარიძეს გუბერნატორის პოსტი 2017 წლიდან ეკავა.
„გადაწყვეტილება გარკვეული დროის უკან მივიღე. თუმცა, ეს სტიქიასთან დაკავშირებული არაა. პირველივე წუთიდან ჩართული ვიყავი სტიქიასთან ბრძოლაში. სახელმწიფომ დროული და პრევენციული ღონისძიებები გაატარა, შეიქმნა შტაბი და მას შემდეგ, რაც დავრწმუნდი, რომ ყველაფერი კონტროლს ექვემდებარებოდა და სტიქიის მართვას საფრთხე არ ემუქრებოდა, პრემიერ–მინისტრს გადადგომის შესახებ განცხადებით მივმართე”, – განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან.
მისი განმარტებით, აღდგენითი სამუშაოები რამდენიმე თვე გაგრძელდება, მას კი ლოდინი აღარ შეეძლო, რადგანაც გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ ჰქონდა მიღებული.
უამინდობისა და კოკისპირული წვიმების გამო რაჭის, კერძოდ, ონის რაიონის 12 სოფელი – 2 ათასზე მეტი ადამიანი გარესამყაროს მოწყვეტილი აღმოჩნდა. სტიქიის შედეგად დაზიანებულია 10 ხიდი, ჩანგრეულია ცენტრალური გზის სავალი ნაწილი, ასევე რამდენიმე მონაკვეთი ონიდან შოვის მიმართულებით და შიდა სასოფლო გზები. სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია ასზე მეტი ადამიანი.
ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, ამ ეტაპზე 15 ლოკაციიდან 10-ზე, სადაც ფიზიკურად მისვლა შესაძლებელია, სამუშაოები მიმდინარეობს და დაახლოებით 20 ერთეული მძიმე ტექნიკა არის მობილიზებული.
ბოლო მონაცემებით, წყალდიდობამ ათ სხვადასხვა ადგილას 2 კილომეტრზე მეტი სიგრძის გზა გაანადგურა.
მთავრობის წინასწარი შეფასებით, რეგიონში წყალდიდობის შედეგების აღმოსაფხვრელად მთლიანობაში 150 მლნ ლარამდე იქნება საჭირო, გზების რემონტს კი მინიმუმ რამდენიმე თვე დასჭირდება.