სასამართლო პროცესი შაქარაშვილის საქმეზე: ვის და რატომ განსჯიან

არასრულწლოვანთა კოდექსის მოთხოვნების გათვალისწინებით 18 წლამდე ბრალდებულების საქმეს სასამართლო ცალკე განიხილავს.
Sputnik

თბილისი, 31 ივლისი – Sputnik. პარასკევს, 31 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოში 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის დაღუპვის შემდეგ დაკავებული ექვსი არასრულწლოვნის საქმის წინასწარი მოსმენა გაიმართება.

გიორგი შაქარაშვილის ცხედარი ძებნიდან მეოთხე დღეს მდინარე არაგვში იპოვეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ის მდინარეში დაიხრჩო, თუმცა მის სხეულზე სიცოცხლეში მიყენებული მრავლობითი დაზიანებები აღინიშნებოდა. ამ დროისათვის პოლიციას 17 ადამიანი ჰყავს დაკავებული, რომლებსაც ბრალად ედებათ ფეხბურთელის გაუჩინარების საღამოს მომხდარ სამ ჩხუბში მონაწილეობა.

შაქარაშვილის გარდაცვალების საქმე: პროკურატურამ ბრალდებულები დაყო

პროკურატურის გადაწყვეტილებითა და არასრულწლოვანთა კოდექსის მოთხოვნების გათვალისწინებით 18 წლამდე ბრალდებული ექვსი მოზარდის საქმე ცალკე განიხილება.

წინასწარ მოსმენაზე სასამართლო გაეცნობა მტკიცებულებებსა და წარმოდგენილ მოწმეებს და განიხილავს შემდგომი განხილვის დროს მათი დაშვების საკითხს.

არასრულწლოვნების ადვოკატები, თავის მხრივ, ამ სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით გამოვლენ. ამ დროისთვის ყველა არასრულწლოვანი წინასწარ პატიმრობაშია.

არასრულწლოვნებიდან სამს ბრალად ედება ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, ერთს – ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, ხოლო ორს ბრალი ორი მუხლით აქვს წაყენებული – ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა და ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთა.

გიორგი შაქარაშვილის ბიძა: „ბავშვი ჩაახრჩვეს და გააყოლეს დინებას...“>>

ექვსივე არასრულწლოვნის ვინაობა ცნობილია, მაგრამ მათი დასახელება გამოძიებას, კანონმდებლობის შეზღუდვებიდან გამომდინარე, არ შეუძლია.

„შაქარაშვილი ორი დღე ცოცხალი იყო და წყალში ჩააგდეს“ – ექსპერტის სკანდალური დასკვნა

გამოძიების მონაცემებით, ხუთი არასრულწლოვანი მონაწილეობდა შაქარაშვილზე და მის მეგობრებზე შურისძიების ორგანიზაციაში.

ამასთან, ექვსივე მონაწილეობდა ფეხბურთელთან და მის მეგობრებთნ ორ ჩხუბში თბილისი–მცხეთის გზაზე. მეორე ჩხუბის შემდეგ შაქარაშვილი უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა.

ექვსიდან ორს ბრალად ედება ის, რომ მათ იძულებით ჩასვეს შაქარაშვილის მეგობარი გიორგი ამირხანაშვილი ავტომობილში და თბილისში წაიყვანეს.

პროკურატურა შაქარაშვილის დაღუპვის საქმეს იძიებს „დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის“ მუხლით და სწავლობს ამ საქმეში ჩხუბში მონაწილე 11 სრულწლოვანის მონაწილეობას. ამასთან, გამომძიებლები არ გამორიცხავენ, რომ ამ მუხლით ბრალი წარედგინოთ არასრულწლოვან დაკავებულებსაც.