„ახალგაზრდული მუშაკი“ – საქართველოში ახალი პროფესია ინერგება

ახალი პროფესიის დაუფლების მსურველებს უკვე შეუძლიათ შეიტანონ განაცხადი და შესაბამისი ექვსთვიანი მომზადება გაიარონ.
Sputnik

თბილისი, 31 ივლისი – Sputnik. საქართველოში იწყება სახელმწიფოსგან აღიარებული, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ აკრედიტებული ახალი პროფესიის – „ახალგაზრდული მუშაკის“ მომზადების პროგრამა.

როგორც საქართველოს ახალგაზრდობის სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული, პროგრამა შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და ხელს უწყობს ახალგაზრდული მუშაკების ეფექტურ მუშაობას ახალგაზრდობასთან. ახალგაზრდული საქმიანობის მეთოდოლოგია ევროკავშირის ქვეყნების წარმატებულ გამოცდილებას ეფუძნება, რომელსაც ეს ქვეყნები ბოლო ათწლეულებია იყენებენ, როგორც ახალგაზრდების არაფორმალური განათლების თანამედროვე მოდელს.

განათლება, როგორც ხსნა – რაზე დებს ფსონს საქართველოს ხელისუფლება

პირველ ეტაპზე პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ახალგაზრდა პრაქტიკოსების გადამზადება, მათი კვალიფიკაციის ამაღლება და უნარებისა და შესაძლებლობების განვითარებაში დახმარება.

ახალგაზრდული მუშაკის პროფესიული საქმიანობა მიმართულია ახალგაზრდებში იმ უნარების განვითარებაზე, რომლებიც აუცილებელია საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვანი მონაწილეობისა და პოტენციალის სრული რეალიზებისთვის.

„ახალგაზრდული მუშაკის პროფესიონალიზაცია და ინსტიტუციონალიზაცია“ სააგენტოს სამწლიანი რეფორმის მთავარი მიმართულებაა და ამასთან საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების ნაწილი“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

„პროფესიული ახალგაზრდული საქმიანობის“ რეფორმა ითვალისწინებს:

  • საქართველოში ახალგაზრდული მუშაკის აღიარებულ პროფესიად ჩამოყალიბებას;
  • პრაქტიკოსი ახალგაზრდული მუშაკების პროფესიულ გადამზდებას; 
  • ხარისხზე ორიენტირებული ახალგაზრდული საქმიანობის არეალის გაფართოებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

კანდიდატების მიღება სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატის მისაღებად 30 ივლისს დაიწყო და 16 აგვისტომდე გაგრძელდება. სააგენტო პირველ ეტაპზე იწვევს ახალგაზრდა სპეციალისტებს საქართველოს ათი რეგიონიდან.

ბათუმში განათლებისა და მეცნიერების ქალაქის მშენებლობა იწყება

ახალგაზრდული მუშაკის პოზიციის დაკავების მსურველი უნდა იყოს 21 წელს ზევით, უმაღლესი ან პროფესიული განათლებით, ჰქონდეს ბავშვებთან მუშაობის, მათ შორის, არაფორმალური შეხვედრების, სპორტული, შემეცნებითი ღონისძიებების ჩატარების გამოცდილება.

პროგრამაში მონაწილეობისთვის 30 პრაქტიკოსი ახალგაზრდული მუშაკი შეირჩევა სტაჟიორის სახით, რომლებიც დაამთავრებენ სწავლების ექვსთვიან პროგრამას და მიიღებენ სახელმწიფოსგან აღიარებულ სერტიფიკატს.