თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანს ახალი სანქციები დაუწესა – იმ ლითონებისა და მასალების მიწოდება შეუზღუდა, რომელთა გამოყენებაც ისლამურ რესპუბლიკას ბირთვული, სარაკეტო და სამხედრო პროგრამებისთვის შეუძლია, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ.
„დღეს სახელმწიფო დეპარტამენტი განსაზღვრავს 22 კონკრეტულ მასალას, რომლებიც ირანის ბირთვულ, სამხედრო და ბალისტიკურ სარაკეტო პროგრამებში გამოიყენება. მათზე, ვინც შეგნებულად გადასცემს ირანს ასეთ მასალებს, ამიერიდან, აშშ-ის კანონის 1245-ე მუხლის შესაბამისად, სანქციები გავრცელდება“, — ნათქვამია პომპეოს განცხადებაში.
სახელმწიფო მდივნის თქმით, ირანის ბირთვული, ბალისტიკური და სამხედრო პროგრამა „სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის“.
გარდა ამისა, ასევე იკრძალება ირანის სამშენებლო დარგისთვის საჭირო მასალების მიწოდება, ვინაიდან მიიჩნევა, რომ ქვეყნის სამშენებლო სექტორს „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ აკონტროლებს.
აღსანიშნავია, რომ აკრძალული 22 მასალის ჩამონათვალში ასევე შევიდა ალუმინის შენადნობები, ალუმინის ფხვნილი, ფოლადის, მათ შორის, უჟანგავი ფოლადის ზოგი მარკა.