როდის გაიხსნება საქართველოსა და რუსეთს შორის სახმელეთო საზღვარი?

აბაშიძის თქმით, როგორც კი სიტუაცია ამის შესაძლებლობას მოგვცემს, ქართული მხარე რუსეთში პირდაპირი რეისების აღდგენისთვის მზად იქნება
Sputnik

თბილისი, 30 ივლისი  — Sputnik.  საქართველოსა და რუსეთს შორის სახმელეთო საზღვრის გახსნა რეგიონში ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზეა დამოკიდებული, განაცხადა „Sputnik საქართველოსთან“ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ. 

„ეს მისასალმებელია“ - აბაშიძე რუსეთთან ავიამიმოსვლის შესაძლო აღდგენის შესახებ

კორონავირუსის ინფექციის გავრცელების  პრევენციის მიზნით, საქართველომ 16 მარტიდან საზღვრები ყველა მიმართულებით, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, ჩაკეტა. კერძოდ, საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის კვეთა სამშობლოში დაბრუნების მიზნით შეუძლიათ, საზღვრის კვეთა ნებადართულია ტვირთების გადამზიდავებისთვისაც. საქართველოში მოქმედი წესების თანახმად, დაბრუნებული მოქალაქეები 14–დღიან კარანტინს გაივლიან. მკაცრ კარანტინს ექვემდებარებიან ასევე სატრანზიტო მძღოლებიც.

 „ამ ეტაპზე ცნობილი არაა.  ყველაფერი ეპიდემიოლოგიურ ვითრებაზეა დამოკიდებული. დავაკვირდებით როგორ განვითარდება მოვლენები ჩვენთან, რუსეთში, მეზობელ ქვეყნებში. ყველაფერი დამოკიდებულია ვირუსზე, რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ. ამასთან დაკავშირებით ჩვენთან გადაწყვეტილებას სპეციალისტები იღებენ, რასაც ისინი გადაწყვეტენ, ისე იქნება. მე სექტემბერში ვვარაუდობ, მაგრამ შევხედავთ სიტუაციას“, – განაცხადა აბაშიძემ.

მისი თქმით, ქვეყნებს ამ დრომდე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები არ დაუწყიათ.

ამასთან, სექტემბერში პრაღაში იგეგმება აბაშიძის  რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილე გრიგორი კარასინთან შეხვედრა. 

მოსაზრება: რატომ არ ისწრაფვის რუსეთი „დიდი შვიდიანისკენ“

„ჩვენ  პრაღაში შეხვედრის საორიენტაციო თარიღი სექტემბერში დავასახელეთ. მაგრამ რა ვითარება იქნება სექტემბერში, აგვისტოს ბოლოს გახდება ცნობილი. ყველაფერი ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზეა დამოკიდებული. ჩვენ კომუნიკაციის პრობლემა არ გვაქვს და აუცილებლობის შემთხვევაში  სატელეფონო კავშირს ვიყენებთ“, – განაცხადა აბაშიძემ.

საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლიდან გაწყვეტილია. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალი რეგიონის სუვერენიტეტი აღიარა, ხოლო საქართველომ ამის საპასუხოდ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.
ამ დროისთვის პოლიტიკური დიალოგი საქართველოსა და რუსეთს შორის შენარჩუნებულია ჟენევის დისკუსიებისა და ასევე რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსი სენატორის გრიგორი კარასინის პრაღაში შეხვედრების ფარგლებში.

პრაღაში შეხვედრებზე განიხილება ჰუმანიტარული და ეკონომიური საკითხები, პოლიტიკურ საკითხებზე კი ჟენევაში მსჯელობენ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებების წარმომადგენლების მონაწილეობით. ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები არიან ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს წარმომადგენლები.