როდის დაიწყება ახალი სასწავლო წელი საქართველოში – რას ამბობს ჯანდაცვის მინისტრი

გაიღება თუ არა სკოლებისა და საბავშვო ბაღების კარი სავარაუდო დროს, ეს ქვეყანაში არსებულ ეპიდემიურ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული.
Sputnik

თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. საქართველოს სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერზე ადრე არ დაიწყება, განუცხადა ჟურნალისტებს ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

სასწავლო პროცესი საქართველოს ყველა სასწავლო დაწესებულებაში კორონავირუსის პანდემიის გამო 2 მარტს შეჩერდა. სწავლის განახლების ვადა სამჯერ გადაიტანეს. 24 აპრილს კი პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ სასწავლო დაწესებულებები მუშაობას სექტემბრამდე არ აღადგენდენ.

ჯანდაცვის სამინისტროს შეთავაზება: სასწავლო პროცესი შერეული მოდელით

ამ დღეებში რამდენიმე კერძო სკოლამ განათლების სამინისტროს სწავლის დაგეგმილ ვადაზე ადრე დაწყების თხოვნით მამართა. უწყებაში აღნიშნავენ, რომ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად იქნებიან სასწავლო დაწესებულებები მზად, შეასრულონ კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისკენ მიმართული ყველა რეკომენდაცია.

„სკოლებთან და ბაღებთან დაკავშირებით თარიღის გადმოწევა არ იგეგმება. ამ ეტაპისთვის სწავლა, სავარაუდოდ, განახლდება ტრადიციულად. მნიშვნელოვანია, რომ განათლების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ჯანდაცვის სამინისტროსთან“, – განაცხადა ტიკარაძემ და დასძინა, რომ პროცესს დააკვირდებიან და ყველა გადაწყვეტილებას ეპიდემიური ვითარების შესაბამისად მიიღებენ.

ტიკარაძის თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ჯანდაცვის სექტორის მზადება იმისთვის, რომ ნებისმიერი რაოდენობის ინფიცირებული პაციენტის მიღება შეძლოს.

გამყრელიძე: დისტანციური სწავლა შეიძლება შემოდგომაზეც გაგრძელდეს>>

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა 1160-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 835 ადამიანი, გარდაიცვალა 17 პაციენტი.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.