ჭარბი ოფლიანობის მიზეზი და მასთან ბრძოლის მეთოდები

ოფლის გამოყოფა ფიზიოლოგიური პროცესია. ჩვეულებრივ, ადამიანის სხეული ოფლს გამოყოფს ცხელ ამინდში, ფიზიკური დატვირთვის, ვარჯიშის დრო, სტრესულ სიტუაციაში. ოფლიანობას თავისი დადებითი მხარე აქვს – ის უზრუნველყოფს სხეულის გაგრილებას.
Sputnik

თუმცა, ზოგიერთი ადამიანი ყოველგვარი მიზეზის გარეშე გამოყოფს ოფლს, თანაც ჭარბი რაოდენობით, რაც მას უქმნის მნიშვნელოვან დისკომფორტს, ზოგჯერ მუდმივ ემოციურ დაძაბულობას და ფსიქოლოგიურ პრობლემებსაც კი. რა იწვევს ჭარბ ოფლიანობას, იგივე ჰიპერჰიდროზს და მკურნალობის რა მეთოდები არსებობს თანამედროვე მედიცინაში, ამის შესახებ მედიცინის აკადემიური დოქტორი კობა სახეჩიძე საუბრობს.

რა არის ბავშვის „ნასიცხი“ და როგორ ვებრძოლოთ მას: პედიატრის რეკომენდაცია

- რამდენად გავრცელებული პრობლემაა ჭარბი ოფლიანობა?

- ჭარბი ოფლიანობა მოსახლეობის 2-3 პროცენტშია გავრცელებული. ეს ციფრი არ ჩანს დიდი, მაგრამ თუ ამას გადავთვლით მსოფლიოს მოსახლეობაზე, სადღაც 214 მილიონი მოსახლე გამოდის, ვინც ამ პრობლემით იტანჯება. გამომდინარე იქიდან, რომ ქართველები ცოტა ემოციურები ვართ, ალბათ ჩვენი სტატისტიკა როცა იქნება, ვფიქრობ, რომ ეს პროცენტული მაჩვენებელი უფრო მაღალი იქნება, რადგან ემოცია ოფლის გამოყოფაზე მეტად მოქმედებს.

რამდენად უსაფრთხოა წელს ზღვასა და აუზზე სიარული: გადადის თუ არა კორონავირუსი წყლით

- მეტ-ნაკლებად ოფლი ყველა ადამიანს გამოეყოფა, რა კრიტერიუმით უნდა მიხვდეს ადამიანი, რომ ჭარბი ოფლიანობა აქვს?

- ოფლიანობა ითვლება ჭარბად, როდესაც ის არის უკვე შემაწუხებელი. ბევრ ადამიანს ჭარბი ოფლიანობა პირად კარიერაში უშლის ხელს. ამ დროს აქვთ კომპლექსი, რომ სხვა ადამიანს ხელი ჩამოართვან, ვინაიდან ხელი მუდმივად სველი აქვთ. ან ვერ გამოდიან გარეთ ისეთ ფორმაში, როგორც მათ სურთ, რადგან იღლიები ყოველთვის სველი აქვთ. ეს ძალიან დიდ დისკომფორტს წარმოქმნის. ზოგჯერ პაციენტებს ისეთი ოფლიანობა აქვთ, თითებიდან წვეთები მოსდით. ეს უკვე საშინელებაა. ამ დროს არ შეუძლიათ კლავიატურაზე მუშაობა, წერა ხელთათმანის გარეშე, რაც, დამეთანხმებით, დიდ დისკომფორტს ქმნის. სწორედ ეს არის ჭარბი ოფლიაონობა და არა ის, რომ ვივარჯიშეთ, ან ტემპერატურამ მოიმატა და მეტ-ნაკლებად გავოფლიანდით.

როგორ შევაჩეროთ კბილის ტკივილი წამლის გარეშე

- რა არის ჭარბი ოფლიანობის გამომწვევი მიზეზი?

- ეს პათოლოგია ორი სახის არსებობს: ადგილობრივი, როცა ჭარბი ოფლიანობა ლოკალიზებულია კონკრეტულად ხელისგულების, საზარდულის, ფეხისგულების, იღლიების, მკერდის, სახის ან, ზოგადად, თავის არეში, და გენერალიზებული ჰიპერჰიდროზი, როცა ჭარბი ოფლიანობა მთელ სხეულზე აღინიშნება. გენერალიზებული ოფლიანობა ხშირად მეორეული ხასიათისაა, რაც გულისხმობს იმას, რომ იგი სხვა დაავადებითაა გამოწვეული. ჭარბი ოფლიანობის გამომწვევი უამრავი მიზეზი შეიძლება იყოს. მაგალითად, თავის ტვინის როგორც ონკოლოგიური, ისე არაონკოლოგიური დაავადებები, ფილტვების სხვადასხვა დაავადებები, ასევე ტუბერკულოზის დროს. ჭარბი ოფლიანობა ხდება კლიმაქტერული პერიოდის დროს, სხვადასხვა ორგანოების სიმსივნური დაავადებებისას. ეს ჩამონათვალი საკმაოდ ბევრია და შორს წაგვიყვანს. თუ ჩიყვი აქვს პაციენტს და ჩვენ ოფლიანობაზე დავუწყეთ მკურნალობა, ეს არასწორი იქნება – არც ეთიკურად არც სამედიცინო თვალსაზრისით. ჩვენ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია უნდა მოვაწესრიგოთ და შემდეგ თავისთავად ყველაფერი ალაგდება. ანუ, პირველ ეტაპზე მთავარია სწორი დიაგნოსტირება, რა იწვევს ოფლიანობას.

როგორ შევარჩიოთ კურორტი ბავშვისთვის – პედიატრის რჩევები

- ვთქვათ, ადამიანს გაუჩნდა ეჭვი, რომ მას აქვს ჭარბი ოფლიანობა. არსებობს თუ არა რაიმე კონკრეტული ტესტები, რომელიც განსაზღვრავს, რომ ადამიანს მართლა აქვს ეს პრობლემა?

- დიახ, ასეთი ტესტი ნამდვილად არსებობს. თუმცა ძირითადად ეს გამოიყენება ხელის გულების, ფეხის გულების და იღლიების დიაგნოსტიკისთვის.

- უმეტესად რომელ ზონებში გამოიყოფა ჭარბი ოფლი?

- ეს ადგილებია ხელის გულები, ფეხის გულები, თავის არე, კისერი, სახის არე და საზარდულის არეები.

თუ ჰიგიენური ნორმები დაცულია და ამ ზონებში მაინც ხდება ჭარბი ოფლიანობა, უკვე საჭიროა სპეციალისტთან მისვლა, ტესტირების გავლა და დიაგნოზის დასმა, არის თუ არა ეს პირველადი ჰიპერჰიდროზი, თუ მეორადი რაიმე დაავადებით გამოწვეული.

მინდა გითხრათ, რომ სახის არეში ოფლიანობას თან სდევს ხოლმე ზედმეტად გამოხატული სიწითლე. აქ ირთვება მანკიერი წრე, ოფლიანობა იწვევს სიწითლეს, სიწითლე აღიზიანებს და იწვევს ჭარბ ოფლიანობას და ეს კიდევ უფრო ართულებს მდგომარეობას.

აციებს თუ არა ყელს ცივი წყალი ან ნაყინი და როგორ მოქმედებს ორგანიზმზე გაზიანი სასმელები

- თუ პაციენტს დაუსვეს დიაგნოზი და დადასტურდა ჰიპერჰიდროზი. რა არის გზა, რითი ვეხმარებით ასეთ პაციენტებს?

- არის მკურნალობის ჯგუფი, სადაც შედეგი არის დროებითი და არის ჯგუფი, სადაც მუდმივი შედეგი შეგვიძლია მივიღოთ. როდესაც საბოლოოდ ისმება ჭარბი ოფლიანობის დიაგნოზი, ამ შემთხვევაში საჭიროა შეირჩეს მკურნალობის მეთოდი. არის პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება სამკურნალოდ. ეს პრეპარატები ჩვენი ემოციის ზღვარს წევს ქვემოთ. როგორც მოგახსენეთ, ზედმეტი ემოციები აძლიერებს ორგანიზმში ოფლიანობის ინტენსივობას და მის სიძლიერეს. გარდა ამისა, არსებობს სპეციალიზებული დეოდორანტები, რომლებიც კონკრეტულად სამკურნალოა და არა არომატიზებული. მკურნალობის შემდეგი მეთოდი არის ბოტოქსით ინექციები, რომელიც კეთდება ინსულინის პატარა ნემსით და სრულიად უმტკივნეულოა. თუ გვინდა, რომ შედეგი იყოს მუდმივი, ხანგრძლივი და მომავალში ამ თემას აღარ დაუბრუნდეს პაციენტი, ამ შემთხვევაში არსებობს ქირურგიული მეთოდი. ოპერაცია ნაკლებად ტრამვულია ორგანიზმისთვის. ოპერაციის წინ იძინებს პაციენტი ოფლიანობით და იღვიძებს სულ სხვა ადამიანი. ის უკვე საერთოდ განკურნებულია და უკვე სხვა ცხოვრება ეწყება.

პროსტატის კიბო: ყველაზე საშიში და ხშირი დაავადება მამაკაცებში

- შესაძლოა ბევრს გაუკვირდეს რა კავშირშია ოპერაცია ჭარბ ოფლიანობასთან, იქნებ დეტალურად აგვიხსნათ ამ მეთოდის შესახებ.

- არის ორი მეთოდი, ერთი იღლიების კიურეტაჟი, რაც ადგილობრივად, მხოლოდ იღლიების არეს შეეხება. კიურეტაჟი ნიშნავს კანქვეშ, იღლიის არეში მექანიკურად საოფლე ჯირკვლების დარღვევას. რაც შეეხება ძირითად მეთოდს, ეს არის თორაკოსკოპიული სიმპატექტომია. ტარდება იღლიის ქვევით, მეორე, მესამე და მეხუთე ნეკნთაშუა არეში 2-5 მილიმეტრიან განაკვეთში, საიდანაც შევდივართ გულ-მკერდის ღრუში. იქ გადის სიმპატიკური ნერვული ღერო, რომლებსაც მიაქვთ ინფორმაცია პერიფერიიდან ცენტრალურ ნერვულ სისტემამდე. ამ ნერვული ღეროს გადაკვეთის შემთხვევაში ვწყვიტავთ ინფორმაციას პერიფერიიდან, რომელიც არის არასწორი და მიეწოდება ცენტრალურ ნერვულ სისტემას, რომ მას ესაჭიროება იმ კონკრეტულ, დავუშვათ, იღლიის, ან ხელის გულის, ან ნებისმიერ სხვა ადგილზე საოფლე ჯირკვლების გააქტიურებული მუშაობა. ეს ოპერაცია ნარკოზის ფონზე მიმდინარეობს. პროცესი ძალიან ხანმოკლეა, დაახლოებით 5-7 წუთი გრძელდება თითოეულ მხარეს. სამი დღის შემდეგ ადამიანს შეუძლია ჩვეულ რიტმში გააგრძელოს ცხოვრება, მუშაობა. ხოლო თუ ფიზიკურად შრომობს, 10 დღის შემდეგ შესაძლებელია ნებისმიერი დატვირთვა გააგრძელოს უპრობლემოდ. ასე რომ, დღეს ჭარბი ოფლიანობის დამარცხება ადვილია და მარტივად შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ ის დისკომფორტი, პრობლემები, რასაც ჭარბი ოფლიანობა უქმნის ადამიანს.