ყავის ქართული კომპანია „მეამას“ შენობა შესაძლოა მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარონ

არქიტექტურული პროექტი უკვე გავიდა პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსი Architizer A+ Awards-ის ფინალში და გახდება თუ არა ის საუკეთესო, ამას ონლაინ–კენჭისყრა განსაზღვრავს.
Sputnik

თბილისი, 29 ივლისი – Sputnik. ყავის ქართული კომპანია „მეამას“ შენობა ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსი Architizer A+Awards-ის სამ კატეგორიაშია წარდგენილი და შეიძლება მსოფლიოში საუკეთესო ნაგებობად დასახელდეს, აღნიშნულია ვებ-გვერდზე marketer.ge.

Architizer A+Awards – უდიდესი კონკურსია მსოფლიო არქიტექტურის სფეროში. მისი მიზანია მსოფლიოში წლის საუკეთესო, ყველაზე მნიშვნელოვანი, საინტერესო და გამოჩენილი არქიტექტურული პროექტების პოპულარიზება.

ქართველი არქიტექტორი პრესტიჟული ArchDaily-ის გრან-პრის მფლობელი გახდა

ქართული კომპანიის სათავო ოფისის შენობა ამ საერთაშორისო კონკურსზე იყო წარდგენილი და ფინალში გავიდა. შენობა სამ ნომინაციაშია წარდგენილი – საოფისე სივრცე (25 ათას კვადრატულ მეტრზე ნაკლები), ოთხსართულიანი სამუშაო სივრცე და არქიტექტურა და ბეტონი.

წარდგენილი ნამუშევრებიდან ჟიური თითოეულ კატეგორიაში ხუთ-ხუთ ფინალისტს არჩევს. კონკურსანტების მხარდაჭერა მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან ნებისმიერ მსურველს შეუძლია. გამარჯვებული ონლაინ–კენჭისყრით გამოვლინდება, ანუ ვინც მეტ ხმას მიიღებს. კენჭისყრა 31 ივლისამდე გაგრძელდება.

„მეამას“ კონკურენტები არიან ისეთი ცნობილი კომპანიების სამუშაო ადგილები, როგორიცაა Jaguar, TikTok და სხვ.

Tbilisi Design Days ცნობილ არქიტექტორებსა და დიზაინერებს 2021 წლის გაზაფხულზე შეკრებს

გამარჯვებულები და ასევე ფინალში გასული პროექტები Architizer A+Awards-ის ვებ-გვერდზე განთავსდება. ისინი ასევე წარმოდგენილი იქნებიან ჟურნალში Architizer.com. გამარჯვებული პროექტი სპეციალური პრიზით დაჯილდოვდება.

თბილისში მდებარე ყავის კომპანიის ოფისის პროექტი ეკუთვნის გიორგი ხმალაძეს კომპანიიდან Khmaladze Architects. პროექტმა მანამდე ახალგაზრდა არქიტექტორების საერთაშორისო კონკურსის ArchDaily&Strelka Award 2019 გრან-პრი მიიღო.

გიორგი ხმალაძის პროექტი მოიცავს ყავის მწარმოებელ ფაბრიკას, ოფისებს, სივრცეებს ყავის დაგემოვნებისთვის და ასევე მცირე გამოფენებისთვის. შენობა წარმოადგენს მონოლითურ ბეტონის ფასადს საოცარი გეომეტრიული ფორმებით. შენობას ორიგინალურ იერს სძენს გაზონები სახურავზე.