კორონავირუსი საქართველოში: ვისი და რისი სჯერა მოსახლეობას

გამოკითხვაში მონაწილეთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ კორონავირუსის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ნაწილი სიმართლეს არ შეესაბამება.
Sputnik

თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. საქართველოში ეპიდემიოლოგებს ენდობიან, თუმცა სჯერათ კორონავირუსის შესახებ „შეთქმულების თეორიისაც“, ნათქვამია აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებულ კვლევაში.

NDI-მ ივნისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წარმოადგინა, რომელიც, მათ შორის, კორონავირუსის პანდემიას და მის შესახებ ინფორმაციას ეხებოდა. 

„შეთქმულების თეორია“, ანუ გჯერათ თუ არა, რომ 5G ტექნოლოგიას კორონავირუსთან აქვს კავშირი

როგორც აღმოჩნდა, კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოს მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიღების ერთ-ერთი ძირითადი წყარო ტელევიზია იყო, ასეთია გამოკითხულთა 84%. მეორე ადგილზეა სოციალური ქსელები (41%), მესამე ადგილზე კი ახლობლები, მეზობლები და თანამშრომლები (26%).

ამასთან, ტელევიზია პოპულარული აღმოჩნდა ყველა ასაკობრივ ჯგუფში. სოციალურ ქსელებსა და ინტერნეტს, როგორც კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის წყაროს, ძირითადად 18-დან 34 წლამდე ასაკის ადამიანები იყენებდნენ.

კვლევამ ასევე დაადგინა, რომ საქართველოში ინფექციის შესახებ ყველაზე მეტად (90%) დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან გავრცელებულ ინფორმაციას ენდობიან, მეორე ადგილზეა მთავრობა (85%), მესამე ადგილზე კი მასმედია (73%).

მითები კორონავირუსზე

NDI-ს წარმომადგენლებმა ასევე შეამოწმეს ადამიანების დამოკიდებულება კორონავირუსის შესახებ სხვადასხვა თეორიებსა და აღნიშნულ თემაზე გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით. 

რამდენად უსაფრთხოა წელს ზღვასა და აუზზე სიარული: გადადის თუ არა კორონავირუსი წყლით

კვლევის შედეგებით, გამოკითხულთა 60% მიიჩნევს, რომ შეუძლია ინფექციასთან მიმართებით ტყუილის სიმართლისგან გარჩევა, საწინააღმდეგო აზრისაა 33%. დანარჩენებმა განაცხადეს, რომ კითხვაზე პასუხი არ აქვთ.

ამასთან, გამოკითხულთა 58% მიიჩნევს, რომ კორონავირუსის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ნაწილი სიცრუეა. დეზინფორმაციასთან შეხება არ ჰქონია 19%-ს, ინფორმაციის უმეტესობას ტყუილად მიიჩნევს 15% და მხოლოდ 8%-მა განაცხადა, რომ კითხვაზე პასუხი არ აქვს.

გამოკითხვაში მონაწილე პირებმა თავიანთი დამოკიდებულება დააფიქსირეს სხვადასხვა ინფორმაციასთან დაკავშირებითაც.

მითი პირველი: კორონავირუსის წარმოშობა

საქართველოში გამოკითხულთა მესამედმა არ იცის საიდან წარმოიშვა კორონავირუსი, კიდევ ერთი მესამედი თვლის, რომ ვირუსი ლაბორატორიაში შექმნეს და სპეციალურად გაავრცელეს. 

ჯანმო: კორონავირუსს სეზონურობა არ ახასიათებს

22%-ს მიაჩნია, რომ ვირუსი ლაბორატორიაში შექმნეს და შემთხვევით გაავრცელეს, ხოლო 13%-ს სჯერა, რომ იგი ბუნებრივი გზით წარმოიშვა. 3%-ს საერთოდ არ სჯერა ვირუსის არსებობის.

ამავე დროს, გამოკითხულთა 73% თვლის, რომ საქართველოში ვირუსის გავრცელებისა და სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი ხელისუფლების სწორი მოქმედების შედეგია, 17% ამაში გენეტიკისა და რელიგიის დამსახურებას ხედავს, დანარჩენს კი პირველი ორი თეორიისგან განსხვავებული მოსაზრება აქვს.

მითი მეორე: კორონავირუსს ლუგარის ლაბორატორია ავრცელებს

გამოკითხვამ აჩვენა, რომ მხოლოდ გამოკითხულთა 4%-ს სჯერა, რომ თბილისის გარეუბანში მდებარე ლუგარის ლაბორატორია ხელს უწყობს კორონავირუსის გავრცელებას, 6%-ს კი მასზე საერთოდ არაფერი სმენია.

ბრძოლა კორონავირუსთან: საქართველოს მოქალაქეები მთავრობის მუშაობით კმაყოფილები არიან>>>

66% თვლის, რომ ლუგარის ლაბორატორია კორონავირუსის გავრცელებას ხელს უშლის.

დანარჩენს კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა.

მითი მესამე: ხალხური მედიცინა

გამოკითხვის შედეგებით, საქართველოში 78%-ს არ სჯერა, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში ხალხური მედიცინა ეფექტურია.

ხალხური მედიცინის სხვადასხვა მეთოდების ზეგავლენის სჯერა 19%-ს.

მითი მეოთხე: რწმენა შველის

გამოკითხვის შედეგების თანახმად, საქართველოში 53%-ს სჯერა, რომ რწმენას კორონავირუსისგან დაცვა შეუძლია. საწინააღმდეგო აზრისაა გამოკითხულთა 38%, 9%-ს კი პასუხი არ აქვს. 

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა მსოფლიოში 16 მილიონს აჭარბებს

მითი მეხუთე: 5G და კორონავირუსი

იმის გასაგებად, თუ რამდენად სჯერათ საქართველოში კორონავირუსის გავრცელებაზე 5G-ს ზეგავლენის შესახებ თეორიის, მკვლევარებმა ქვეყნის მოსახლეობას დაუსვეს კითხვა: „ეთანხმებით, რომ 5G-ს ინფრასტრუქტურა უკავშირდება კორონავირუსის გავრცელებას?“.

შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 16%-მა საერთოდ არ იცის 5G-ს შესახებ, 45% არ ეთანხმება ამგვარ მოსაზრებას, 10% – ეთანხმება, ხოლო 30% აცხადებს, რომ არ იცის პასუხი ამ კითხვაზე.

NDI-ს გამოკითხვა 26–30 ივნისის პერიოდში ჩატარდა. ტელეფონით 1550 ადამიანი გამოიკითხა. გამოკითხვის ცდომილება +/–2%-ს შეადგენს.