თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. ამერიკული კომპანია Frontera Resources Corporation საქართველოს მთავრობას კვლავ ადანაშაულებს მცდარ, ზიანის მომტან და არაგულწრფელ პროპაგანდაში.
საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამერიკულ კომპანია Frontera Resources Corporation-ს საქართველოში დარჩენის ნებართვა მისცეს, მაგრამ ძალზე მოკრძალებული პირობებით – მას ადრინდელი ტერიტორიების მხოლოდ 1% დარჩება. როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გასულ კვირაში განაცხადა, 1%-ზე ხელისუფლებამ უარი შეგნებულად თქვა, რადგანაც ქვეყნის საინვესტიციო კლიმატი, ბიზნეს-გარემო უაღრესად მნიშვნელოვანია.
„ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პრემიერ-მინისტრს და მის მთავრობას, რომ შეაჩერონ ეს გამიზნულად მცდარი, ზიანის მომტანი და არაგულწრფელი პროპაგანდა და ამის ნაცვლად გულწრფელი დიალოგი აწარმოონ საზოგადოებასთან, აშშ-ის ოფიციალურ პირებთან და ჩვენს კომპანიასთან, რათა ამ გზით ხელი შეუწყონ პარტნიორობის ჭეშმარიტი სულისკვეთების განვითარებას“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 25 ივნისს, გახარიას განცხადებიდან მეორე დღეს, კომპანიას გაეგზავნა ოფიციალური შეტყობინება იმის თაობაზე, რომ მთავრობა კვლავ შეეცდება ხელშეკრულების გაუქმებას და მხოლოდ „დროებით შეაჩერებს" ამ მიზნის განხორციელების მცდელობებს.
საიდან დაიწყო ყველაფერი
Frontera Resources Corporation – ამერიკული კომპანიაა, რომელიც გაზისა და ნავთობის საბადოების მოძიებითა და მოპოვებითაა დაკავებული. დაარსდა 1996 წელს. კომპანიის სტრატეგიაა პერსპექტივების ძიება ნახშირწყალბადების მოსაპოვებლად აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე, რომლებიც შავი ზღვის აუზს განეკუთვნებიან. ამჟამად კომპანია მუშაობს საქართველოსა და მოლდოვაში.
კომპანიასა და ქვეყანას შორის დიდი ხანია დავა მიმდინარეობდა ნავთობის მოპოვებისას პროდუქციის წილობრივ გადანაწილებასთან დაკავშირებით კონტრაქტის თაობაზე. ქართულმა მხარემ რამდენიმე პირობა წამოაყენა, რომელთაგან მთავარი იყო იმ ტერიტორიის დაბრუნება, რომელსაც „ფრონტერა" არ იყენებდა დაზვერვისა და ნავთობის მოპოვების მიზნით. ეს ტერიტორია სალიცენზიო ბლოკის დაახლოებით 99%-ს შეადგენს. ტერიტორია უნდა დაბრუნებულიყო ჯერ კიდევ 2017 წელს.
საქმე საარბიტრაჟო სასამართლომდე მივიდა. გაიმარჯვა საქართველომ, რომელსაც „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია" და ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო წარმოადგენდნენ.
საბოლოოდ, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება – Frontera-სთან კონტრაქტი სრულად არ გააუქმოს და კომპანიას საშუალება მისცეს მუშაობა გააგრძელოს ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც სამუშაოები ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში წარმოებდა. საუბარია საკონტრაქტო ტერიტორიის დაახლოებით 1%-ზე, რადგანაც საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებით დანარჩენი 99% კომპანიამ სახელმწიფოს უკვე დაუბრუნა.
კომპანიის ხელმძღვანელობამ უკმაყოფილება გამოთქვა შეთავაზებულ პირობებზე, არსებულ პრობლემებში ხელისუფლება დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ადგილი აქვს ტყუილსა და დეზინფორმაციას.