სეტყვით დაზარალებულ მევენახეებს ზარალს უნაზღაურებენ

სადაზღვევო კომპანია „ალდაგი" უკვე შეუდგა ფერმერებისთვის მიყენებული ზარალის შეფასებას და კომპენსაციების ეტაპობრივად გაცემას იწყებს.
Sputnik

თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. დაიწყო ზარალის ანაზღაურება აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ბენეფიციარებისთვის, რომლებიც კახეთში სეტყვისგან დაზარალდნენ, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

„სადაზღვევო კომპანიები სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლას უმოკლეს ვადაში დაასრულებენ", – განაცხადა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს პროექტების საოპერაციო დეპარტამენტის უფროსმა ნატალია ხარატიშვილმა, რომელიც კახეთის მხარის რწმუნებულთან ირაკლი ქადაგიშვილთან და სადაზღვევო კომპანია „ალდაგი" წარმომადგენლებთან ერთად კახეთის რეგიონში სეტყვის შედეგად დაზარალებულ ფერმერებს შეხვდა და დაზიანებული სავარგულები დაათვალიერა.

ხარატიშვილის განცხადებით, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში სახელმწიფო მუდმივად აუმჯობესებს აგროდაზღვევის პირობებს, კერძოდ, მრავალწლიანი კულტურების აგროდაზღვევა სამწლიანი გახდა.
„სახელმწიფო ყველა კულტურაზე სადაზღვევო პოლისის 70%-ის, ხოლო ვაზზე 50%-ის დაფინანსებას ახდენს. მოვუწოდებთ ფერმერებს, დაიჭირონ თადარიგი და დააზღვიონ საკუთარი მოსავალი", – განაცხადა ხარატიშვილმა.
გარანტიები მევენახეებისთვის, ანუ სოლიდარობა სუბსიდირების სახით
კახეთის გუბერნატორმა აღნიშნა, რომ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა ეფექტურად მუშაობს, მაგრამ არის გამონაკლისებიც და ამისგან დაზღვეული ფერმერი დაცულია.
მაგალითად, ყვარლის რაიონის სოფელ სანავარდოს მცხოვრებმა აკაკი მედულაშვილმა სეტყვის შედეგად მოსავლის 95% დაკარგა, მაგრამ ის სახელმწიფო აგროდაზღვევის ბენეფიციარია. სადაზღვევო პოლისის 50% მას სახელმწიფომ აუნაზღაურა, ახლა კი ფერმერი სადაზღვევო კომპანია „ალდაგისგან" 51 ათას ლარზე მეტს მიიღებს ზარალის კომპენსაციის სახით.

სააგენტოს მონაცემებით, 2020 წლის ივლისში, აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით გაიცა 15 422 პოლისი, ხოლო დაზღვეულმა ფართობმა 15 ათასი ჰექტარი შეადგინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 24%-ით მეტია. დაზღვეული მოსავლის ღირებულება 140 მილიონ ლარს ჭარბობს.

პრემიერმა მევენახეებს მიმართა - სახელმწიფო არ დაგივიწყებთ>>

აგროდაზღვევის პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს, რომლებსაც ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ მაქსიმუმ 5 ჰექტარი სასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.