თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. სამრეწველო პროდუქციის მწარმოებლების ფასების ინდექსი 2020 წლის ივნისში, 2019 წლის ივნისთან შედარებით, 10,1%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
ინდექსის ფორმირებაზე ძირითადად გავლენა მოახდინა გადამამუშავებელ ინდუსტრიაში ფასების ზრდამ 9,8%-ით, მათ შორის საკვებ პროდუქტებზე – 12,4%-ით და სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში – 24,5%-ით.
ივნისში, მაისთან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 1,2%-ით შემცირდა.
ადგილობრივი წარმოება
საქართველოში წარმოებული სამრეწველო პროდუქციის ფასები ივნისში, 2019 წლის ივნისთან შედარებით, 4,6%-ით გაიზარდა.
ყველაზე მეტად ფასები გაიზარდა სამთო-მომპოვებელ ინდუსტრიაში – 9,6%-ით, გადამამუშავებელ მრეწველობაში – 6,1%-ით, მათ შორის საკვებ პროდუქტებზე – 6,7%-ით.
ექსპორტი და იმპორტი
ექსპორტირებული სამრეწველო პროდუქციის ფასების ინდექსი ივნისში, 2019 წლის იმავე თვესთან შედარებით, 15,3%-ით გაიზარდა.
სამთო-მომპოვებელი მრეწველობის პროდუქციის ფასები 41,6%-ით გაიზარდა. გადამამუშავებელი ინდუსტრიის ექსპორტირებული პროდუქციის ფასები გაიზარდა 12,6%-ით, მათ შორის საკვებ პროდუქტებზე – 23,7%-ით, ხოლო ლითონის ნაწარმზე – 16,5%-ით.
საქართველოში იმპორტირებული სამრეწველო პროდუქციის ფასები საანგარიშო პერიოდში 2,4%-ით გაიზარდა. ამავდროულად გადამამუშავებელი მრეწველობის იმპორტირებული პროდუქცია გაძვირდა 3%-ით.
სამომხმარებლო ფასები
ინფლაციის წლიურმა დონემ მაისში შეადგინა 6,1%, როდესაც მიზნობრივი მაჩვენებელია 3%. საკვებზე ფასები ერთ წელიწადში გაიზარდა 13,6%-ით. ექსპერტები ფასების ზრდას ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ კრიზისს უკავშირებენ.
2019 წლის სექტემბრიდან ეროვნულმა ბანკმა დაიწყო პოლიტიკის გამკაცრება, რათა გაცვლითი კურსის გაუფასურებით გამოწვეული ინფლაციური ზეწოლა გაანეიტრალოს. შედეგად – რეფინანსირების განაკვეთი 6,5%-დან 9%-მდე გაიზარდა. თუმცა, მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის ეტაპობრივად შემცირების გადაწყვეტილება მიიღო, კერძოდ, განაკვეთი 9%-დან 8,5%-მდე შეამცირა.