კვლავ ლილო: კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების წყაროები

დედაქალაქის ყველაზე მსხვილ ბაზრობაზე ეპიდემიოლოგებმა COVID-19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევები გამოავლინეს
Sputnik

თბილისი, 25 ივლისი - Sputnik. კორონავირუსით ინფიცირების 13 ახალი შემთხვევიდან სამი უკავშირდება ლილოს ბაზრობას, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.

ლილოს ბაზრობაზე ეპიდემიოლოგები შევიდნენ: ბაზრობა იკეტება? >>

ლილოს ბაზრობა თბილისის გარეუბანში 35 ჰექტარ ფართობზე მდებარეობს. ბაზრობის ტერიტორიაზე დაახლოებით 6 ათასი სავაჭრო წერტილია და იქ საყიდლებზე დადიან როგორც რიგითი მოქალაქეები, ისე დედაქალაქისა და სხვა ქალაქების ბაზრობების მოვაჭრეები. ბოლო სამ დღეში აქ COVID-19-ის 11 შემთხვევა გამოვლინდა.

„ახალი 13 პაციენტიდან სამის ინფიცირების წყარო არის ლილოს ბაზრობა, ერთი პაციენტის ინფიცირების წყაროა გაჩიანი, ხუთი არის შემოტანილი შემთხვევა და აქედან ოთხი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, ორი არის სამედიცინო პერსონალი და ერთ შემთხვევაზე კონტაქტების და წყაროს მოძიებაზე ეპიდკვლევა გრძელდება“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა. 25 ივლისის მონაცემებით, COVID-19-ის დიაგნოზი 1117 ადამიანს დაუსვეს.

კორონავირუსი დაამარცხა 917 ადამიანმა, ხოლო გარდაიცალა 16 პაციენტი.