თბილისი, 25 ივლისი - Sputnik. „საქართველოს რკინიგზა“ იწყებს ახალ პროექტს, რომლის ფარგლებში მატარებლების მგზავრები მოგზაურობას ისტორიულ ექსკურსიას შეუთავსებენ, ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
მატარებელში მხოლოდ პირბადით: საქართველოში სარკინიგზო მიმოსვლა აღდგა - ფოტო >>
ამიერიდან ადამიანები, რომლებიც საქართველოში მოგზაურობენ, ამა თუ იმ მხარის შესახებ ისტორიებს სპეციალისტები უამბობენ. მაგალითად, თბილისი-ზუგდიდის რეისზე „ლექცია“ ჩაატარა ისტორიკოსმა გიორგი კალანდიამ. მგზავრებისთვის ტური საინტერესო აღმოჩნდა, ისინი მგზავრობის დროს სამეგრელოს რეგიონის ეთნოკულტურას ეცნობოდნენ.
„საქართველოს რკინიგზა“ პროექტის გაგრძელებას გეგმავს. მოწვეული გზამკვლევები რკინიგზის ხუთივე მოქმედ მაგისტრალზე „იმუშავებენ“.
„საქართველოს რკინიგზის“ ინიციატივა შიდა ტურიზმის მხარდაჭერას ემსახურება. პროექტი 21 ივლისს ამოქმედდა და საკურორტო სეზონის დასრულებამდე გაგრძელდება.