251 დევნილ ოჯახს თბილისში საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცემა

იძულებით გადაადგილებული ოჯახები მინიჭებული სოციალური ქულების მიხედვით სამოთახიან ან ერთოთახიან ბინებს მიიღებენ
Sputnik

თბილისი, 25 ივლისი - Sputnik. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, 251 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს თბილისში საცხოვრებელი ფართი გადაეცემა, ნათქვამია დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში კიდევ 741 დევნილ ოჯახს გადაეცემა

სააგენტოს დირექტორის, ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, ბინები განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განაწილდა.

„კომისიის გადაწყვეტილებით, ბინებს ის ოჯახები მიიღებენ, რომლებიც ამ ეტაპზე ყველაზე მეტად საჭიროებენ განსახლებას. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მხოლოდ თბილისში, 1000-მდე ბინა გავანაწილეთ და ეს პროცესი მომავალში კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება“, - განაცხადა სიმონიშვილმა.

სააგენტოს ცნობით, მონიტორინგის ჯგუფებმა 853 ოჯახის საცხოვრებელი პირობები და საჭიროებები ადგილზე შეისწავლეს. მოკვლეული მასალა კი განსახილველად დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას გადაეცა. კომისიამ თითოეული დევნილი ოჯახის საკითხი ღიად და გამჭვირვალედ, განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განიხილა და 251 დადებითი გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული ოჯახების სია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დევნილთა სააგენტოს ვებ-გვერდებზე გამოქვეყნდა.

ამ ეტაპზე, ბინების რაოდენობის გათვალისწინებით, სამოთახიანი ბინები 3 ან 3-ზე მეტი სოციალური ქულის მქონე დევნილ ოჯახებს გადაეცემათ, ერთოთახიანი ბინები კი 6,5 ქულიდან განაწილდა. ამასთან, კომისიის გადაწყვეტილებით, ერთოთახიანი ბინის კანდიდატები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 6 ქულა ადმინისტრაციულ დაპირებას მიიღებენ, რომლის თანახმადაც უახლოეს მომავალში საცხოვრებელი ფართები უპირობოდ გადაეცემათ, აცხადებენ სააგენტოში.

ტიკარაძე: წელს 2500-მდე დევნილ ოჯახს აუცილებლად გადავცემთ საკუთარ საცხოვრისს

სააგენტოს დირექტორი და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრები ინდივიდუალურად შეხვდებიან  ყველა იმ დევნილს, რომელსაც ბინების განაწილების პროცესთან დაკავშირებით შეკითხვები გააჩნია.

საქართველოს მასშტაბით კი საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში კიდევ 741 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცემა, ინფორმაცია ამის შესახებ სააგენტომ პარასკევს გაავრცელა.

სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წელს, ჯამში, მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში ათასზე მეტ იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცემა.

„სოფლად სახლი“: წლის ბოლომდე დევნილი ოჯახებისთვის კიდევ 700 სახლს შეიძენენ >>

დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან — აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან 273,4 ათასი იძულებით გადაადგილებული პირია, ეს 88,7 ათასზე მეტი ოჯახია.

საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.