თვითმფრინავით მესტიასა და ამბროლაურში: შიდა ფრენები განახლდა

აგვისტოდან მესტიის მიმართულებით რეგულარული რეისები კვირაში ხუთჯერ, ამბროლაურის მიმართულებით კვირაში სამჯერ, ხოლო ბათუმის მიმართულებით კვირაში ოთხჯერ შესრულდება.
Sputnik

თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. ოთხთვიანი პაუზის შემდეგ საქართველოში შიდა ფრენები განახლდა – 24 ივლისიდან რეგულარული რეისები შესრულდება ნატახტრის აეროპორტიდან მესტიასა და ამბროლაურში, თბილისიდან კი ბათუმში, ნათქვამია „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ პრეს-სამსახურის განცხადებაში. 

თბილისი მერია ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას გეგმავს

15 ივნისიდან საქართველოში შიდა ტურიზმი განახლდა – ხელისუფლებამ შიდა ავიაფრენებზე შეზღუდვებიც მოხსნა, თუმცა ფრენების დაწყების გადაწყვეტილება ახლა მიიღო.

კერძოდ, 24–31 ივლისის პერიოდში შესრულდება მესტია–ნატახტარის მარშრუტით ექვსი რეისი, თბილისი–ბათუმი – ხუთი რეისი და ამბროლაური–ნატახტარის მარშრუტით სამი რეისი.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის თამარ არჩუაძის განცხადებით, ქვეყნის მთავრობამ 2020 წელი „შიდა ტურიზმის წლად“ გამოაცხადა, ამიტომაც შიდა ფრენების განვითარებას დიდი ყურადღება მიექცევა.

„შიდა ტურიზმის სტიმულირების მიზნით შიდა ფრენების დაწყება მნიშვნელოვანია. ამას განსაკუთრებით ელოდება როგორც ჩვენი ქვეყნის მთიანი რეგიონის მოსახლეობა, ისე ადგილობრივი ვიზიტორებიც. მოლოდინი რომ დიდია, ბილეთების გაყიდვაზეც აისახა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სვადასხვა მიმართულებით უკვე 300-ზე მეტი ბილეთია გაყიდული", — განაცხადა თამარ არჩუაძემ.

მისი თქმით, შიდა ფრენებზე ბილეთის ფასი არ შეცვლილა და ის 2019 წლის ნიშნულზე დარჩა.

რეისზე ნატახტარი–მესტია ბილეთის ფასი უფროსებისთვის 90 ლარია, 30%-იანი ფასდაკლებაა 3-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის, ხოლო სამ წლამდე ბავშვების ფრენა უფასოა. ქუთაისიდან მესტიაში ბილეთის ფასი 50 ლარია, ასევე 50 ლარი ღირს ნატახტრიდან ამბროლაურის მიმართულებით ფრენა. თბილისი–ბათუმის ავიარეისსზე ბილეთის ფასი კი 125 ლარს შეადგენს. 

საერთაშორისო რეგულარული ფრენების აღდგენა ისევ გადაიდო

ნატახტრის, ამბროლაურისა და მესტიის აეროპორტები აკმაყოფილებენ ჯანდაცვის სამინისტროსა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ დადგენილ ყველა მოთხოვნას – დეზობარიერი, სოციალური დისტანცია, თერმოსკრინინგი.

აგვისტოდან მესტიის მიმართულებით რეგულარული რეისები კვირაში ხუთჯერ, ამბროლაურის მიმართულებით კვირაში სამჯერ, ხოლო ბათუმის მიმართულებით კვირაში ოთხჯერ შესრულდება.

ტურისტული სფერო კორნავირუსის პანდემიის გამო ყველაზე მეტად დაზარალდა, რადგან საქართველოს მთავრობამ მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად მარტში ყველა საზღვარი დაკეტა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ამ დროისათვის ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 1104-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 912, გარდაიცვალა 16 პაციენტი.