თავდაცვის ძალებმა საავიაციო პარკის სრული განახლება დაიწყო

თავდაცვის ძალების ავიაპარკის განახლების პროცესი საწარმოების „თბილავიამშენისა“ და „დელტას“ თანამშრომლობით ხორციელდება.
Sputnik

თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო-საჰაერო ძალების საფრენი აპარატების განახლება და კაპიტალური რემონტი დაიწყო, ნათქვამია უწყების პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებული ბინები ფაქტობრივ მფლობელებს დაუკანონდებათ

ადრე თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს კუთვნილებაში ბევრი საფრენი აპარატია – თვითმფრინავები, ვერტმფრენები, რომლებიც გარემონტებას საჭიროებენ, და რაც არსებულ ქარხნებში განხორციელდება.

„სულ მალე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განახლებული და მოდერნიზებული საავიაციო პარკი ექნება. უწყების ბალანსზე არსებულ საფრენ საშუალებებს – Су-25 ტიპის თვითმფრინავებსა და Ми-24 ტიპის მოიერიშე შვეულმფრენებს დემონტაჟი მარნეულის საავიაციო ბაზაზე ჩაუტარდა და კაპიტალური სარემონტო სამუშაოების ჩატარებისთვის უკვე საავიაციო ქარხანაშია გადატანილი“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ავიაპარკის განახლების პროცესი საწარმოების „თბილავიამშენისა“ და „დელტას“ თანამშრომლობით ხორციელდება.

საქართველოში ფუნქციონირებს სამხედრო ქარხანა „დელტა“. მისი ისტორია სათავეს 60-იანი წლების დასაწყისიდან იღებს. 2010 წლის ივლისში ქარხანა თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა და ამოქმედდა სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“. 

ღარიბაშვილი: როდის ამოქმედდება საქართველოში ფრანგული საჰაერო თავდაცვის სისტემა

„დელტა“ აწარმოებს ჯავშანმანქანებს, ნაღმმტყორცნებს, უნივერსალურ საბრძოლო მოდულებს, უპილოტო საფრენ აპარატებს, პისტოლეტებს, შაშხანებს, ჯავშანჟილეტებსა და სხვ. სამხედრო ცენტრს თავისი პროდუქცია უკვე გააქვს ექსპორტზე საზღვარგარეთ.

საფრენი საშუალებების განახლების პროცესში ჩართული არიან შესაბამისი დარგის ქართველი სამხედრო და სამოქალაქო სპეციალისტები, რაც ქართული სამხედრო მრეწველობის განვითარებას კიდევ უფრო უწყობს ხელს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირველი გარემონტებული საფრენი აპარატები საავიაციო ძალებს მომდევნო თვეებში გადაეცემა, დანარჩენები კი ორი წლის განმავლობაში ეტაპობრივად შევა ექსპლუატაციაში.

საფრენი აპარატების აღდგენა-რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის პარალელურად პროექტი პირადი შემადგენლობის მომზადებასა და გადამზადებას, ასევე შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნას ითვალისწინებს.

პროექტი თავდაცვის ძალების განვითარების გეგმის ფარგლებში მიმდინარეობს და მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის ძალების საავიაციო ქვედანაყოფების გაძლიერებასა და განვითარებას.