თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. გარდაბნის რაიონში კორონავირუსის ეპიდაფეთქების გამო სოფელი ყარაჯალარი ჩაიკეტა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“ მუნიციპალიტეტის მერზე რამაზ ბუდაღაშვილზე დაყრდნობით.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება დანარჩენ ორ სოფელთან დაკავშირებით, სადაც ასევე დაფიქსირდა COVID-19-ის გავრცელების რისკი, ჯერ მიღებული არაა.
გარდაბნის რაიონში ამ დროისთვის ეპიდემიოლოგები აქტიურად მუშაობენ. სიტუაციას პოლიცია აკონტროლებს.
მუნიციპალიტეტის დასახლებულ პუნქტებში ბოლო დღეებში ინფიცირების შემთხვევების მკვეთრმა ზრდამ არა მარტო ხელისუფლების, არამედ მოსახლეობის შეშფოთება გამოიწვია.
ქვემო ქართლის რეგიონს, კონკრეტულად კი გარდაბნის რაიონის სამ სოფელს უკვე მეორედ ეწოდა „ცხელი წერტილი“.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ამ დროისთვის ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 1104-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 912, გარდაიცვალა 16 პაციენტი.