თბილისი, 24 ივლისი - Sputnik. ბათუმში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა, იუწყება „აჭარის ტელევიზია“.
ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა, რის შედეგადაც სამარშრუტო ტაქსი ამობრუნდა და მუნიციპალურ ავტობუსს დაეჯახა.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციისა და „სასწრაფო დახმარების“ რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.