ზვიად კუპრავას ორგანიზებით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია მიმდინარეობს

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია გუშინ მოძრაობა „სირცხვილიას“, „შეცვალესა“ და „დემოკრატიული მომავლისათვის“ წარმომადგენლებმაც გამართეს
Sputnik

თბილისი, 23 ივლისი - Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ორგანიზებით ორთაჭალაში შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან საპროტესტო აქცია იმართება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ სამართლიან მართლმსაჯულებას  ბოლო დროის სამ გახმაურებულ საქმეზე – სკოლის მოსწავლე ლუკა სირაძის თვითმკვლელობის, 19 წლის ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დაღუპვის და 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტებზე.

შსს-სთან აქციაზე დაკავებულები ხელწერილით გაათავისუფლეს

აქციაზე ელოდებიან პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილსაც.

აქციის ორგანიზატორის, „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელის, ზვიად კუპრავას განცხადებით, ხელისუფლება ახალგაზრდების მკვლელობებზე ეფექტიან რეაგირებას არ ახდენს. კუპრავა შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ითხოვს.

ადგილზე უსაფრთხოების მიზნით მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.

ნუ მომკლავ, გამოიძიე დანაშაული! საპროტესტო აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან >>

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია გუშინ მოძრაობა „სირცხვილიას“, „შეცვალესა“ და „დემოკრატიული მომავლისათვის“ წარმომადგენლებმაც გამართეს. ისინი ბოლო დროს მომხდარი გახმაურებული საქმეების ობიექტურად გამოძიებას ითხოვდნენ. აქციაზე სამი აქტივისტი - ზვიად კუპრავა, ლაშა ცუცქირიძე და ოთო შენგელია პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის დააკავეს. სამივე დაკავებული მოგვიანებით ხელწერილით გაათავისუფლეს.