საქართველოში მეტი საწვავი შემოიტანეს: რამ შეუწყო ხელი ნავთობპროდუქტების იმპორტს

იმპორტიორების თვალსაზრისით, საწვავის იმპორტის ზრდა განპირობებულია იმით, რომ საქართველოში კარანტინი დიდ ხანს არ გაგრძელებულა და ეკონომიკის რამდენიმე დარგი შედარებით მალე გაიხსნა
Sputnik

თბილისი, 23 ივლისი - Sputnik. საქართველოში 2020 წლის პირველ ექვს თვეში COVID-19-ის პანდემიის მიუხედავად საწვავის იმპორტი გაიზარდა - იანვარ-ივნისში ქვეყანაში შემოტანილია 497,9 ათასი ტონა ნავთობპროდუქტი, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0,7%-ით მეტია, ნათქვამია ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებაში.

Sputnik-საქართველო არკვევდა, რა უწყობს ხელს ნავთობპროდუქტების იმპორტს, საიდან შემოაქვთ ის და რა ღირს ბენზინი და დიზელი საცალო ქსელში.

რატომ გაიზარდა საწვავის იმპორტი

საქართველოში მიმდინარე წლის პირველ ნახევარში COVID-19-ის პანდემიის მიუხედავად საწვავის იმპორტი გაიზარდა, რაც, როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში მიაჩნიათ, უკავშირდება იმას, რომ საქართველოში კარანტინი დიდ ხანს არ გაგრძელებულა და ეკონომიკის რამდენიმე დარგი შედარებით სწრაფად გაიხსნა.

„საწვავის იმპორტის ზრდა ძირითადად განპირობებულია დიზელის საწვავის მატებით, რომელიც თავის მხრივ უკავშირდება როგორც აღურიცხავი და კონტრაბანდული პროდუქციის ხვედრითი წილის მინიმუმამდე დაყვანას, ასევე სახელმწიფოს მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების პროგრამას“, - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოში შეღავათებით საწვავზე 90 ათასმა ფერმერმა ისარგებლა

2020 წლის იანვარ-ივნისში ბენზინის იმპორტმა შეადგინა 244,1 ათასი ტონა, დიზელის საწვავის იმპორტმა – 253,8 ათასი ტონა. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბენზინის იმპორტი 6%-ით შემცირდა, დიზელის იმპორტი კი გაიზარდა 8,2%-ით, აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

საიდან შემოდის საწვავი

საქართველოში საწვავი შემოაქვთ რუსეთიდან, რუმინეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქმენეთიდან, ბულგარეთიდან, საბერძნეთიდან, ყაზახეთიდან და თურქეთიდან – ნავთობპროდუქტები ქვეყანაში რკინიგზით ან ზღვით შემოდის.

ნავთობპროდუქტების ყველაზე მსხვილ მომწოდებლად რუსეთი რჩება. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, რუსეთიდან იანვარ–ივნისში 176 ათასი ტონა ნავთობპროდუქტები შემოვიდა, რაც მთლიანი იმპორტის 35,3%-ს შეადგენს.

საწვავის ფასები

დღეს საქართველოში ხუთი მსხვილი კომპანია ოპერირებს, რომელთაც მთელ ქვეყანაში 600-მდე ავტოგასამართი სადგური ეკუთვნით. მათ გარდა არის ასევე მცირე და საშუალო კომპანიები, ე.წ. არაბრენდირებული, რომლებსაც ერთად ასევე დაახლოებით 600 ავტოგასამართი სადგური ეკუთვნით. 

უხარისხო ბენზინისთვის ციხე – საქართველოში საწვავის ხარისხის კონტროლი მკაცრდება

ამჟამად ბრენდირებული ავტოგასამართი სადგურების ქსელებში ერთი ლიტრი საწვავის საშუალო ფასია: პრემიუმის – 1,93-2,06 ლარი; რეგულარის – 1,79-1,92 ლარი; ევროდიზელის – 1,95-2,09 ლარი. ლარის მიმდინარე კურსია: 1 დოლარი - 3,1 ლარი.

პანდემიის დაწყებიდან საქართველოში ერთი ლიტრი საწვავის ფასები საშუალოდ 70-80 თეთრით შემცირდა, ბოლო თვეში კი 5-10 თეთრით გაიზარდა. ეს უკავშირდება იმას, რომ მსოფლიოში ეკონომიკის ეტაპობრივ გახსნასთან ერთად გაჩნდა მოთხოვნა საწვავზე და ფასებმა ზრდა დაიწყო.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში აღნიშნეს, რომ დღეისათვის ვითარება ზოგადად სტაბილურია, რადგან ძირითადი ქსელები სტაბილურ ფასებს ინარჩუნებენ, თუმცა გრძელვადიანი პროგნოზების გაკეთება არასწორია, მით უმეტეს რომ კორონავირუსი ჯერ კიდევ მძვინვარებს მსოფლიოში, ხოლო ფასები ნავთობის გლობალურ ბაზრებზე უშუალოდ პანდემიას უკავშირდება.