თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. ტოჩინოშინის სახელით მოასპარეზე ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ ტოკიოში ივლისის ბაშოზე მესამე გამარჯვება მოიპოვა.
მეხუთე საშეჯიბრო დღეს ქართველმა სპორტსმენმა მესამე თეთრი ბურთულა მოიპოვა ორთაბრძოლაში აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირა სადანოუმისთან. ამ გამარჯვების შემდეგ გორგაძემ სადანოუმისთან პირად შეხვედრებში უპირატესობა გაზარდა და ანგარიში გახდა 5:3.
რაც შეეხება ტოჩინოშინის ასპარეზობას ამჟამინდელ ტურნირზე, ამ დროისათვის მას აქვს დადებითი ბალანსი - სამი გამარჯვება და ორი წაგება.
მეექვსე საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინს ელის რთული ორთაბრძოლა აღმოსავლეთის მე-14 მაეგაშირა - კოტოსიოგიკუსთან. მეტოქეებმა ერთმანეთში 35 ორთაბრძოლა გამართეს და გამარჯვება 25-ჯერ იაპონელმა სპორტსმენმა იზეიმა.
ივლისის ბაშო 2 აგვისტომდე გაგრძელდება.