მსოფლიო დღეს

გაეროს გენმდივანი სომხეთსა და აზერბაიჯანს ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდებს

მსოფლიოს რიგმა ქვეყნებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა შეშფოთება გამოთქვეს შექმნილი ვითარების გამო და მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდეს.
Sputnik

თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს – ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს დაუკავშირდა და საზღვარზე სიტუაციის დაუყოვნებლივი დეესკალაციისკენ მოუწოდა, განაცხადა გენმდივნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სტეფან დიუჟარიკმა ოთხშაბათს გამართულ ბრიფინგზე, იუწყება РИА Новости.

„ბატონი გუტერეში დღეს, დილით აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევს და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს დაუკავშირდა. სატელეფონო საუბრისას გენმდივანმა საზღვარზე საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატა“, – განაცხადა დიუჟარიკმა. 

ნუ გავიწყდებათ ჩვენი სარაკეტო სისტემები: ბაქო ერევანს ატომურ სადგურზე დარტყმით დაემუქრა

მისი თქმით, გენმდივანმა მხარეებს დაუყოვნებლივი და სრული დეესკალაციისკენ მოუწოდა და ასევე რეკომენდაცია მისცა, თავი შეიკავონ პროვოკაციული რიტორიკისგან და მოლაპარაკებებს დაუბრუნდნენ.

აზერბაიჯანი–სომხეთის საზღვართან ვითარება 12 ივლისს მკვეთრად გაუარესდა. მხარეების განცხადებით, სროლები გრძელდება აზერბაიჯანის მხარეს თოვუზის რაიონში, ხოლო სომხეთის მხარეს – ტავუშის ოლქში. ეს ტერიტორია საკმაოდ ახლოსაა საქართველოს საზღვართან და ასობით კილომეტრითაა დაშორებული არაღიარებული მთიანი ყარაბაღიდან, სადაც ამ დროისთვის მშვიდი ვითარებაა.

ბაქოს ინფორმაციით, დაიღუპა 12  აზერბაიჯანელი სამხედრო პირი, მათ შორის ერთი გენერალი. სომხეთის მხარემ ოთხი ოფიცრის დაღუპვისა და ათი ადამიანის დაჭრის შესახებ გააკეთა განცხადება. ორივე მხარე შეტაკების დაწყებასა და სროლებს ერთმანეთს აბრალებს.

მსოფლიოს რიგმა ქვეყნებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა შეშფოთება გამოთქვეს შექმნილი ვითარების გამო და მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდეს.