ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმე: შსს-მ დუმილი დაარღვია

დღეს გიორგი გახარიამ სამართალდამცველებს საქმის მაქსიმალურად ეფექტური გამოძიებისკენ მოუწოდა, რათა საზოგადოებაში სპეკულაციისთვის ადგილი არ დარჩეს.
Sputnik

თბილისი, 23 ივლისი – Sputnik. გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის სხეულზე, პირველადი დათვალიერებით, ვიზუალურად ძალადობის კვალი არ აღინიშნება, გამოძიება ყველა ვერსიაზე მუშაობს, განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი ხუთი დღის ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს რაიონში, სოფელ მაწევანის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილზე საკუთარ მანქანაში აღმოაჩინეს. ბაჩალიაშვილი სახლიდან ავტომობილით 18 ივლისს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. ვიდეოკამერებმა მისი ავტომობილი ბოლოს თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ხაიშში დააფიქსირეს, სადაც ჩანს, რომ მანქანას იგი თავად მართავდა.

რას საქმიანობს კომპანია, რომელშიც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა

ავტომობილში, რომელშიც გარდაცვლილი გოგონა იპოვეს, კრიმინალისტებმა ჩანაწერები და მედიკამენტები აღმოაჩინეს. მასმედიამ შეძლო ერთ-ერთი ჩანაწერის შინაარსის გარკვევა, რომელშიც ეწერა: „თანხა ანაბარზეა, გამოიყენეთ". გარდაცვლილი გოგონას მამას თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა. მისი თქმით, თამარს ოჯახში არანაირი პრობლემა არ ჰქონდა და „ყველაფერი ეს სამსახურთან არის დაკავშირებული".

მედიკამენტებზე და წერილზე ასევე ისაუბრა მამუკა ჭელიძემაც. ჭელიძის განცხადებით, 17 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილმა აფთიაქში გარკვეული მედიკამენტები შეიძინა. გამოძიება ამჟამად არკვევს, არის თუ არა ის მედიკამენტები მისი ჩანთიდან ამოღებული მედიკამენტების იდენტური.

„სახლში აგრესიული და ნამტირალევი მოდიოდა" – 23 წლის გოგონას დაღუპვის დეტალები>>

„ასევე ამოღებულია წერილი ანაბრის გამოყენებაზე, რასთან დაკავშირებითაც გამოთხოვილია ინფორმაცია თამარ ბაჩალიაშვილის საბანკო ანგარიშების თაობაზე. ასევე მისი სამუშაო ადგილიდან ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა. გამოძიება მუშაობს ყველა შესაძლო ვერსიაზე", – განაცხადა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა.

ჭელიძის განცხადებით, დაკარგული გოგონას სამძებრო ღონისძიებებში, პოლიციელებთან ერთად, ყოველდღიურად მონაწილეობდნენ მეხანძრე-მაშველები, რა დროსაც გამოყენებულ იქნა დრონები, სხვა სპეციალური ტექნიკური საშუალებები და ვერტმფრენი.

თამარ ბაჩალიაშვილმა გარდაცვალებამდე წერილი დაწერა – ნახეთ რას წერდა გოგონა

„გარდაცვლილის აღმოჩენისთანავე შემთხვევის ადგილის დათვალიერების პროცესში ჩართული იყო თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ინტერესების დამცველი, ასევე გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით დანიშნულ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაში ჩართულია ოჯახის მიერ მოწვეული ექსპერტი", – აღნიშნა ჭელიძემ.

შსს-ს ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე 19 ივლისს გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით.

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბაჩალიაშვილის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, საზოგადოება გამოძიების მსვლელობის შესახებ ინფორმირებული იყოს. მან სამართალდამცველებს საქმის მაქსიმალურად ეფექტური გამოძიებისკენ მოუწოდა, რათა საზოგადოებაში სპეკულაციისთვის ადგილი არ დარჩეს.

გოგონას იდუმალებით მოცული გარდაცვალება: პრემიერმა შსს-ს დავალება მისცა

თამარ ბაჩალიაშვილის გაუჩინარებამ საზოგადოებაში ბევრი კითხვა გააჩინა, პირველ რიგში – რატომ ვერ მოხერხდა ავტომობილის დროულად პოვნა მაშინ, როდესაც იგი გზიდან რამდენიმე ათეულ მეტრში და იმ სოფლიდან ორიოდე კილომეტრში იყო გაჩერებული, სადაც გოგონა ბოლოს დაინახეს. მით უმეტეს, რომ ავტომობილის დაფიქსირება მშვენივრად შეეძლო ვერტმფრენსა და დრონს, რომლებიც სამძებრო ღონისძიებებში იყო ჩართული.

გოგონა იპოვეს მეორე დღეს მას შემდეგ, რაც ოჯახმა და მეზობლებმა თბილისი-რუსთავის მაგისტრალი გადაკეტეს და ძებნის გააქტიურება და გამოძიების დაჩქარება მოითხოვეს.