საერთაშორისო რეგულარული ფრენების აღდგენა ისევ გადაიდო

რეგულარული რეისები სექტემბრამდე არ აღდგება, გამონაკლისია თბილისი–მიუნხენი, თბილისი–პარიზი და თბილისი–რიგა.
Sputnik

თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. საქართველოში საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 1 სექტემბრამდე არ აღდგება. შესაბამისი უწყება (NOTAM) თავის ვებ-გვერდზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ განათავსა.

ოჰ, ეს უცნაური პარიზი! – რა მოთხოვნებს უყენებს საფრანგეთი საქართველოს მოქალაქეებს>>

„საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ პირდაპირ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და შემდეგ აეროპორტებს შორის: მიუნხენი, პარიზი, რიგა", – ნათქვამია სააგენტოს უწყებაში.

მიუნხენი-თბილისი: Lufthansa რეგულარულ ავიარეისებს აღადგენს

NOTAM-ით გათვალისწინებული კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისკენ მიმართული შეზღუდვები 2020 წლის 21 ივლისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით მოქმედებს.

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველომ 21 მარტიდან, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, თავისი საზღვრები დაკეტა და ავიამიმოსვლა ყველა მიმართულებით შეწყვიტა. პანდემიის პერიოდში სრულდება მხოლოდ ჩარტერული რეისები, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ეტაპობრივად ჩამოჰყავთ.

ოთხთვიანი შესვენების შემდეგ საქართველომ თავისი საზღვრები ხუთი ქვეყნისთვის გახსნა. ეს ქვეყნებია გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი. ამ ქვეყნების მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლა უპირობოდ შეუძლიათ.

რომელი ქვეყნების მოქალაქეები და რა პირობებით ჩამოვლენ საქართველოში>>

გერმანული ავიაკომპანია Lufthansa პირველია, რომელიც 2 აგვისტოდან განაახლებს რეგულარულ ფრენებს საქართველოში. 8 აგვისტოდან აღდგება აგრეთვე რეგულარული ავიამიმოსვლა თბილისსა და პარიზს შორის, რომელსაც Air France შეასრულებს. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ასევე აწარმოებს მოლაპარაკებებს ავიაკომპანია AirBaltic-თან.