დაიწყო გამოცდები მომავალი მასწავლებლებისთვის

სკოლებში მუშაობა 12 ათასზე მეტ ადამიანს სურს. ყველას მოუწევს საკუთარი პროფესიონალიზმისა და კომპეტენტურობის დამტკიცება.
Sputnik

თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. საქართველოში 22 ივლისს დაიწყო გამოცდები მათთვის, ვისაც სკოლებში პედაგოგიური საქმიანობის დაწყება სურს.

დაახლოებით 12 ათასმა პრეტენდენტმა, იმისთვის, რომ მასწავლებელი გახდეს, უნდა ჩააბაროს ერთი გამოცდა პროფილის მიხედვით. ესაა ან ქართული ენა და ლიტერატურა, ან მათემატიკა, ან ბუნებისმეტყველება.

სიახლე განათლების სისტემაში: სკოლებში პოპულარული თამაში Minecraft-ის მეშვეობით ისწავლიან>>

საგამოცდო ცენტრები, თბილისის გარდა, განთავსებულია ქალაქებში: ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ქუთაისი, ახალციხე, გორი, რუსთავი და თელავი.

განათლების მინისტრის მოადგილე: „მასწავლებლების ნაწილს თავისი ცოდნის გამოყენება არ შეუძლია"

გამოცდები ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით მიმდინარეობს.

„აპლიკანტებს სამუშაოდ აქვთ საკმაოდ ხანგრძლივი დრო – ხუთი საათი. უსაფრთხოების ყველა ზომა, რომელიც დაცული იყო აბიტურიენტების შემთხვევაში, ამ შემთხვევაშიც გათვალისწინებულია. მასწავლებლებს უშუალოდ მუშაობის პროცესში შეუძლიათ მოიხსნან პირბადე", – განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ.

მასწავლებლობის მსურველები მხოლოდ ერთ გამოცდას ჩააბარებენ – პროფილის მიხედვით.

საქართველოში სკოლის პედაგოგები ოთხ კატეგორიად იყოფიან. პირველ საფეხურზე არიან პრაქტიკოსი პედაგოგები, მეორეზე – უფროსი პედაგოგები, მესამეზე – წამყვანი მასწავლებლები, მეოთხეზე – მენტორი მასწავლებლები.

ვინ გახდება წლის საუკეთესო მასწავლებელი? – ცნობილი გახდა უძლიერესი პედაგოგების ლონგ-ლისტი>>

საქართველოში განათლების მასშტაბური რეფორმა მიმდინარეობს. განათლების რეფორმა ოთხ წელზეა გათვლილი. იგი ხუთ მიმართულებას მოიცავს – სკოლამდელი განათლება, საშუალო განათლება, პროფესიული განათლება, უმაღლესი განათლება და მეცნიერება. უწყებისთვის ერთ-ერთ მთავარ ამოცანასა და გამოწვევას წარმოადგენს პედაგოგის პრესტიჟის ამაღლება და ამ სფეროთი რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდის დაინტერესება.

სკოლაში მასწავლებლობის მსურველთა გამოცდები 30 ივლისს დასრულდება.