23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს მეოთხე დღეა ეძებენ

დაკარგული გოგონას ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ქვემო ფონიჭალაში საპროტესტო აქცია გამართეს, გამოძიება არასათანადო მუშაობაში დაადანაშაულეს და სამძებრო ღონისძიებების შესახებ ოჯახისთვის ინფორმაციის მიწოდება მოითხოვეს.
Sputnik

თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. თბილისელი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის სამძებრო ოპერაციაში, რომელიც მეოთხე დღეა უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა, ვერტმფრენებია ჩართული, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“.

გოგონა სახლიდან, ფონიჭალიდან საკუთარი ავტომობილით 18 ივლისს გავიდა და არ დაბრუნებულა. სათვალთვალო ვიდეოკამერებმა ავტომობილი ჯერ მარნეულთან, შემდეგ კი თეთრიწყაროს რაონის სოფელ ხაიშში დააფიქსირეს. თვითმხილველებმა გოგონა ბოლოს მეზობელ სოფელ გოლთეთში ნახეს. ამის შემდეგ ბაჩალიაშვილის კვალი იკარგება. მისი მობილური ტელეფონი ამ დრომდე გათიშულია. 

„გამაგებინე, ცოცხალი ვარო, დე...“ – დაკარგულ გოგონას დედა ტელევიზიით მიმართავს

დაკარგული გოგონას ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ქვემო ფონიჭალაში საპროტესტო აქცია გამართეს, გამოძიება არასათანადო მუშაობაში დაადანაშაულეს და სამძებრო ღონისძიებების შესახებ ოჯახისთვის ინფორმაციის მიწოდება მოითხოვეს.

„მთელი ოჯახი სრულ ინფორმაციულ ვაკუუმშია. ამ მომენტში შეიძლება თამარს ჩვენგან დახმარება და შველა სჭირდება. პასუხად ვიღებთ, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ჩვენთვის არაფრის თქმა არ შეუძლიათ. მოვითხოვთ ითანამშრომლონ ოჯახთან. გვინდა ვიცოდეთ ყოველდღე რას აკეთებენ“, – განაცხადა დაკარგული გოგონას ბიძამ კობა თამაზაშვილმა.

გამომძიებელმა, რომელიც გუშინ აქციის მონაწილეებს შეხვდა, განაცხადა, რომ სამართალდამცველი ორგანოები თამარ ბაჩალიაშვილის მოსაძებნად ყველაფერს აკეთებენ.

„დრონები უკვე მუშაობენ, ვერტმფრენებიც ჩაერთვებიან, მყვინთავები ტბაში ძებნას გააგრძელებენ... ყველა აუცილებელი სამძებრო სამუშაო ხორციელდება... ყველა საეჭვო გადახურული ადგილი, ავტოფარეხები, ხეებიც კი გადამოწმებულია. ყველაფერს ოპერატიულად ვამოწმებთ. ჩართულია დამატებითი ძალები. ეს არ ხდება მარტო რაიონისა და რეგიონის დონეზე. ჩართულია ყველა – სამინისტრო, ყველა შესაბამისი სამსახური, ჩვენ თუნდაც უმნიშვნელო ვერსიასაც კი ვამოწმებთ“, – განაცხადა გამომძიებელმა.

მან გოგონას ნათესავებს მოუწოდა საპროტესტო აქციებით ხელი არ შეუშალონ გოგონას სამაშველო–სამძებრო ოპერაციას.