თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. სააპელაციო სასამართლომ დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი ძალაში დატოვა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“.
მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს კალანდია 16 წლის დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს და 15 წლით პატიმრობა შეუფარდეს. „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის" შესაბამისად, ბრალდებულს თავისუფლების აღკვეთის ვადა შეუმცირდა 1/4-ით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვა თავისუფლების აღკვეთა 11 წლისა და 3 თვის ვადით. დაცვის მხარემ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში და გამამართლებელი განაჩენი მოითხოვა.
მკვლელობის საქმე
2017 წლის 1 დეკემბერს სისხლიანი გარჩევის შედეგად 16 წლის მოზარდები დაიღუპნენ – დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი №51 და 1-ლი ექსპერიმენტული სკოლების უფროსკლასელების მასობრივ ჩხუბს ემსხვერპლნენ. დადუნაშვილი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა, სარალიძე კი მეორე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
გამოძიების მიმდინარეობისას კალანდია გარკვეული პერიოდის განმავლობაში საქმის მთავარი მოწმე იყო, თუმცა საბოლოოდ დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში თანამონაწილეობის ბრალდებით დააკავეს.
მიხეილ კალანდია 2019 წლის 4 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან მეორე დღეს დააკავეს. სასამართლომ დაადგინა, რომ სარალიძე რამდენიმე პირმა მოკლა.
დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმე თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული საქმე გახდა.