COVID-19 - ბოლო ცნობები

კვიპროსი საქართველოსთვის საზღვარს ხსნის

საქართველო იმ ქვეყნების მეორე კატეგორიაში შევიდა, ვისთვისაც კვიპროსი თავის საზღვრებს ხსნის. ეს ნიშნავს, რომ ქართველ ვიზიტორებს თან უნდა ჰქონდეთ ამ ქვეყანაში ჩაფრენამდე 72 საათის მანძილზე გაკეთებული ტესტი.
Sputnik

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. კვიპროსი თავის საზღვრებს უხსნის 50 ქვეყანას, რომელთა შორის არის საქართველოც, აღნიშნულია ქვეყნის მთავრობის დოკუმენტში.

ამ ქვეყნებისთვის საზღვარი 23 ივლისიდან იხსნება. რაც შეეხება პირობებს, ის სხვადასხვა ქვეყნისთვის სხვადასხვა იქნება.

შვეიცარია საქართველოსთვის თავის საზღვრებს ხსნის – იქნება თუ არა რამე სახის შეზღუდვები>>

ქვეყნები სამ კატეგორიად დაიყო. პირველ კატეგორიაში შესული ქვეყნების მოქალაქეებისთვის კვიპროსის ტერიტორიაზე შესვლა რამე შეზღუდვისა და დამატებითი დოკუმენტების წარდგენის გარეშეა შესაძლებელი. თუმცა, კვიპროსის ხელისუფლება უფლებას იტოვებს, აუცილებლობის შემთხვევაში ტურისტების ნაწილს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტაროს.

მიუნხენი-თბილისი: Lufthansa რეგულარულ ავიარეისებს აღადგენს

მეორე კატეგორიაში შესული ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებისთვის აუცილებელია კორონავირუსზე ტესტის შედეგის წარდგენა. ტესტი ქვეყანაში ჩასვლამდე 72 საათის მანძილზე უნდა იყოს გაკეთებული.

მესამე კატეგორიაში შესული ქვეყნების მოქალაქეებმა უნდა წარადგინონ ტესტი და, ამასთან, გაიარონ 14-დღიანი კარანტინი.

კვიპროსზე ეპიდემიური ვითარება დამაკმაყოფილებელია. 20 ივლისს კუნძულზე კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ბოლო მონაცემებით, კვიპროსზე სულ კორონავირუსის 1 038 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 19 ადამიანი.

ევროკავშირის საბჭომ საქართველო ევროკავშირის არაწევრი უსაფრთხო ქვეყნების ნუსხაში შეიყვანა. უსაფრთხო ქვეყნების სიაში, საქართველოს გარდა, ასევე შევიდნენ ალჟირი, ავსტრალია, კანადა. იაპონია, მაროკო, ახალი ზელანდია, რუანდა, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, ტუნისი და ურუგვაი.

ტესტირება, კარანტინი, მოგზაურობის ისტორია - რა უნდა ვიცოდეთ საქართველოს საზღვრის კვეთისას

სიაში შედის ჩინეთიც, თუმცა ამ ქვეყნისთვის საზღვრები იმ პირობით გაიხსნება, თუ ჩინეთიც გახსნის თავის საზღვრებს ევროკავშირის მოქალაქეებისთვის.

კორონავირუსის პანდემიის გამო ევროპის ქვეყნებმა თავიანთი საზღვრები ევროკავშირის არარეზიდენტებისთვის მარტში დაკეტეს. პირველი სიის მომზადების შემდეგ (30 ივნისს) იქ მოხვედრილი ქვეყნებისთვის საზღვრები 1 ივლისიდან ნაწილობრივად იხსნება.

იმ ქვეყნების განსაზღვრის კრიტერიუმები, რომლებისთვისაც ევროკავშირი რეკომენდაციას გასცემს, რომ მოიხსნას მოქმედი შეზღუდვა საზღვრების გადალახვაზე, ითვალისწინებს ეპიდემიურ ვითარებას, ვირუსის გავრცელების აღსაკვეთად გატარებულ ზომებს, მათ შორის ფიზიკურ დისტანცირებას, ასევე ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობას.

ევროკავშირის უსაფრთხო ქვეყნების სია განახლდა: დარჩა თუ არა ჩამონათვალში საქართველო>>

საქართველოსთვის საზღვრები გახსნეს შვეიცარიამ, უნგრეთმა, გერმანიამ, ლატვიამ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, ნიდერლანდებმა, იტალიამ და სხვა ქვეყნებმა.

საქართველომ, თავის მხრივ, საზღვრები ყოველგვარი პირობების გარეშე ხუთი ქვეყნისთვის გახსნა, ესენია: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი.