თბილისი, 21 ივლისი – Sputnik. საქართველო „სოლიდარობის“ პროგრამას მას შემდეგ შეუერთდება, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) გადაწყვეტს, რომ ვაქცინის გამოყენება კვლევებისთვის დასაშვებია, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) COVID-19-ის წინააღმდეგ ყველაზე პერსპექტიული სამკურნალო პრეპარატების კვლევას აწარმოებს. კვლევამ მიიღო სახელწოდება „სოლიდარობა“ (Solidarity). ცოტა ხნის წინ ქართველმა სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ საქართველოში დღეისათვის არ ჰყავთ ისეთი მძიმე პაციენტი, რომლის ჩართვაც „სოლიდარობის“ კვლევაში შეიძლება.
„ვაქცინასთან დაკავშირებით არაერთხელ გამიკეთებია კომენტარი. მას შემდეგ, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რომ ამ ვაქცინის გამოყენება დასაშვები იქნება გარკვეული კვლევებისთვის, მივიღებთ გადაწყვეტილებას, ჩავერთოთ „სოლიდარობის“ კვლევაში“, – განაცხადა ტიკარაძემ.
უფრო ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ კვლევაში საქართველოც ჩაერთვება, თუმცა ჯანმომ პირობებში გარკვეული კორექტივები შეიტანა. ამჟამად მსოფლიოში კორონავირუსის წინააღმდეგ არ არსებობს არც ვაქცინა, არც წამალი. ვაქცინა, შესაძლოა, ერთ წელიწადში გამოჩნდეს, მანამდე კი მეცნიერები სხვადასხვა მედიკამენტის ეფექტურობას იკვლევენ. შესწავლის სტადიაშია 12 დასახელების წამალი. ეს პრეპარატები არ კურნავს კორონავირუსისგან, მხოლოდ ამსუბუქებს დაავადების მიმდინარეობას და ამცირებს ლეტალურ შედეგს.