რატომ არ დაანთო ოლიმპიური ცეცხლი მოსკოვში ქართველმა სპორტსმენმა

1980 წლის ოლიმპიადის დროს მურმან ქურიძე ქვეყნის კალათბურთის საუკეთესო მსაჯების ათეულში შედიოდა. ამიტომ არჩევანი მასზე, როგორც კალათბურთის ერთ-ერთ უძლიერეს მსაჯზე, შეჩერდა. საქართველოს წვლილზე ოლიმპიური თამაშების ორგანიზებასა და ჩატარებაში ქურიძე Sputnik-ს ესაუბრა.
Sputnik

რა საერთოა კალათბურთსა და მეღვინეობას შორის? ბევრი გაოცებას ვერ მალავს, როდესაც იგებს, რომ ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, მეღვინეობის საერთაშორისო აკადემიის წევრი მურმან ქურიძე ამავდროულად საერთაშორისო კლასის კალათბურთის მსაჯია.

ოლიმპიადა-80-ის ოქროს გაელვებები: ისტორიას შემორჩენილი გამარჯვებები

თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, 1967 წელს, მურმან ქურიძე ლენინგრადში გაემგზავრა და ღვინის ქარხანა „სამტრესტში“ ინჟინერ-ტექნოლოგად დაიწყო მუშაობა. სამ წელიწადში სამშობლოში დაბრუნდა, განაგრძო მუშაობა კვებითი მრეწველობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, დაამთავრა ასპირანტურა იალტაში, რასაც მოჰყვა სამსახური თბილისის ღვინის ქარხანაში და ენოლოგების კავშირის ხელმძღვანელობა. 

კარიერული ზრდის პარალელურად იზრდებოდა მისი სიყვარული სპორტისადმი. სპორტული კარიერა კალათბურთის ახალგაზრდულ გუნდში თამაშით დაიწყო, 1979 წელს ქალთა შორის ევროპის კალათბურთის ჩემპიონატზე მესამე ადგილისთვის შეხვედრის მსაჯობით გააგრძელა და 1980 წლის ოლიმპიადით დააგვირგვინა. მსაჯობას არ გეგმავდა, უბრალოდ კალათბურთის თამაში უნდოდა. შედეგად კი 1980 წლის XXII ოლიმპიური თამაშების ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა არბიტრი გახდა. ცხოვრების ყველაზე დასამახსოვრებელ მომენტებზე მურმან ქურიძე Sputnik-საქართველოს ესაუბრა.

სამწუხარო გადანაცვლება და დაზღვეული გამარჯვება

- თბილისში, ნახალოვკაში, ვცხოვრობდი. ჩვენთან ფეხბურთს თითქმის ყველა ბავშვი თამაშობდა. მეც ვთამაშობდი და კარგადაც გამომდიოდა. შემდეგ კი სკოლაში შეიქმნა კალათბურთის გუნდი, რომელშიც მეც მიმიწვიეს. მოგვიანებით ინსტიტუტში მოვიდა კალათბურთის მწვრთნელი გიორგი ავალიშვილი, რომელიც თბილისის „დინამოში“ თამაშობდა. სწორედ მან გამამწესა ახალგაზრდულ „დინამოში“. გარკვეული დროის შემდეგ მითხრა, რომ მსაჯი უნდა გავმხდარიყავი. ვიფიქრე, მსაჯად იმიტომ მიშვებდა, რომ ჩემი თავიდან მოშორება უნდოდა. მეწყინა და მომდევნო ვარჯიშზე არ წავედი (იცინის). ის კი, ამხნის კაცი, ჩემთან, ღლაპთან, სახლში მოვიდა და მითხრა: „გუნდში ყველა კარგად თამაშობს კალათბურთს, მაგრამ ვარსკვლავი არცერთი მათგანი არ გახდება, შენ კი შეგიძლია შესანიშნავი კალათბურთის მსაჯი გამოხვიდე“.

გენიოსის ისტორია: ქართველი, რომელმაც „ოლიმპიური დათუნია“ მოიგონა

და მურმან ქურიძე მართლაც გახდა მსაჯი 21 წლის ასაკში. ოლიმპიადის დროს ის უკვე ქვეყნის კალათბურთის საუკეთესო მსაჯების ათეულში შედიოდა. ამიტომ არავის გაჰკვირვებია, როდესაც არჩევანი მასზე შეჩერდა. მაშინ მურმანი 30 წლის იყო.

- მოსკოვში შეჯიბრების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩავედით. სპორტსმენები, რომლებიც სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობდნენ, ოლიმპიურ სოფელში დააბინავეს, მსაჯები - სასტუმროში. ჩვენ სასტუმრო „სპორტში“ წაგვიყვანეს, ლენინგრადის გამზირზე. ავედი ნომერში, შევდივარ, იქ კი მხოლოდ ტელევიზორი დგას, მეტი არაფერი, არანაირი ავეჯი. მომიბოდიშეს, მითხრეს, რომ ოთახის მოწყობა ვერ მოასწრეს და მალევე გამოასწორეს ყველაფერი.

რატომ არ დაანთო ოლიმპიური ცეცხლი მოსკოვში ქართველმა სპორტსმენმა

მოსკოვი ჩვენს გმირს სრულიად შეცვლილი დახვდა. დედაქალაქი ისე გამოიყურებოდა, როგორც ნატაშა როსტოვა პირველი მეჯლისის წინ. არც ავტომობილებით გადატვირთული ქუჩები, არც რიგები, არც ჭუჭყი. ქალაქიდან გაქრნენ „საეჭვო ელემენტები“, მსუბუქი ყოფაქცევის ქალები, ნარკომანები და ლოთები. ოლიმპიადის გახსნამდე ერთი დღით ადრე გენერალური რეპეტიცია ტარდებოდა. მზიანი საქართველოსთვის, უფრო ზუსტად, სპორტსმენისთვის ამ რესპუბლიკიდან, მომზადებული იყო საპატიო მისია. მაგრამ ბოლო წუთში ყველაფერი შეიცვალა.

„ჩვენს საქმეს სიყვარულით ვაკეთებთ“ - თუთბერიძემ მიღებულ ჯილდოზე ისაუბრა

- სცენარით, კალათბურთელ სერგეი ბელოვს ოლიმპიური ჩირაღდანი ესტაფეტით უნდა გადაეცა ვიქტორ სანეევისთვის, რომელიც ოლიმპიადის ცეცხლს დაანთებდა. მაგრამ გახსნის დღეს გაირკვა, რომ ჩირაღდანს სანეევი გამოიტანდა და კალათბურთელი ბელოვი დაანთებდა. ორგანიზატორებმა გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ ბელოვი მოსკოველი იყო, სანეევი კი - თბილისელი. ვიღაცამ ჩათვალა, რომ მოსკოვში ოლიმპიური ცეცხლი მოსკოველს უნდა დაენთო. თუმცა ბელოვი სვერდლოვსკიდან იყო, უბრალოდ ЦСКА-ში თამაშობდა.

რატომ არ დაანთო ოლიმპიური ცეცხლი მოსკოვში ქართველმა სპორტსმენმა

ეს არ იყო ერთადერთი წარუმატებლობა, რომელიც ქართველ სპორტსმენს ოლიმპიადაზე შეემთხვა. სანეევი და ქურიძე დიდი ხნის მეგობრები იყვნენ. ვიქტორის გამოსვლის დღეს მურმანი თავისუფალი იყო და გადაწყვიტა მეგობრისთვის ეგულშემატკივრა.

- ვიქტორი ამ შეჯიბრებაზე ბოლო გამოდიოდა. მის წინ იყო ესტონელი სპორტსმენი, რომელმაც შეცდომა დაუშვა, მაგრამ იმის შიშით, რომ ოქროს მედალს დაკარგავდნენ, ეს შეცდომა არ ჩაუთვალეს და გამარჯვება მიაკუთვნეს. მის შემდეგ მოასპარეზე სანეევს კი მეორე ადგილი არგუნეს, მიუხედავად იმისა, რომ ის უფრო შორს და უკეთ გადახტა. საბჭოთა ფუნქციონერებს შეეშინდათ, ოქრო არ დაეკარგათ. გამარჯვება უსიკვდილოდ სჭირდებოდათ. ამიტომ სანეევის შემთხვევაში თავი დაიზღვიეს. ეს, რა თქმა უნდა, უსამართლობა იყო.

რატომ არ დაანთო ოლიმპიური ცეცხლი მოსკოვში ქართველმა სპორტსმენმა

საბჭოთა მძლეოსანი, ისტორიაში ერთადერთი სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი სამხტომში, ვიქტორ სანეევი სსრკ-ის დაშლის შემდეგ ავსტრალიაში, სიდნეიში ცხოვრობს. ჯანმრთელობის პრობლემების გამო სახლიდან თითქმის არ გამოდის.

ხმაურიანი მოვლენები და საბჭოთა სამოთხე

მოსკოვის ოლიმპიადის ყველაზე ხმაურიანი მოვლენა იყო ბოიკოტი, რომელიც დასავლეთმა საბჭოთა კავშირს გამოუცხადა. ამის საბაბად იქცა 1979 წლის დეკემბერში საბჭოთა ჯარის შესვლა ავღანეთში. 1980 წლის იანვარში აშშ-ის პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა მოსკოვის ოლიმპიურ თამაშებს ბოიკოტი გამოუცხადა და სხვა ქვეყნებსაც იმავე ნაბიჯისკენ მოუწოდა. შედეგად ოლიმპიადაში მონაწილეობა 50-ზე მეტმა ქვეყანამ არ მიიღო. კალათბურთის შეჯიბრება, ქურიძის თქმით, ცოტა უჟმური და უფერული გამოვიდა. ამერიკელები ხომ წამყვანი მეტოქეები იყვნენ. „ოქრო“ კალათბურთში იუგოსლავიის გუნდს შეხვდა, საბჭოთა კავშირის ნაკრები კი ნახევარფინალში იტალიელებთან დამარცხდა და მესამე ადგილზე გავიდა.

რატომ არ დაანთო ოლიმპიური ცეცხლი მოსკოვში ქართველმა სპორტსმენმა

აშშ-ისა და სხვა ქვეყნების ბოიკოტის მიუხედავად, სტადიონი გადაჭედილი იყო, ბილეთების შოვნა კი - პრაქტიკულად შეუძლებელი.

- იალტაში ჩემი ასპირანტურის ხელმძღვანელი მოსკოვში ოლიმპიადაზე ჩამოვიდა. მაგრამ თამაშებზე მოხვედრა ვერ მოახერხა, - იხსენებს მსაჯი. - მან იცოდა, სად დავბინავდით და მომძებნა. მისთვის საშვი მოვიპოვე. შევედით და საპატიო სტუმრების ადგილებზე დავსხედით. შემდეგ ამას ხშირად იგონებდა და ამბობდა: „რომ არა ჩემი ასპირანტი, ოლიმპიადას თვალით ვერ ვნახავდიო“. ამასთან, ამერიკელების ბოიკოტის წყალობით, ადგილები არბიტრებისთვისაც გათავისუფლდა. შედეგად კალათბურთის შეჯიბრებას თვალს ვადევნებდით ორი ქართველი მსაჯი - მე და გიორგი ავალიშვილი.

რატომ არ დაანთო ოლიმპიური ცეცხლი მოსკოვში ქართველმა სპორტსმენმა

ოლიმპიური თამაშების დროს ერთი ტრაგიკული მოვლენა მოხდა. 25 ივლისს მოსკოვში გარდაიცვალა მსახიობი, პოეტი და მომღერალი ვლადიმერ ვისოცკი. მურმან ქურიძე ვისოცკის პირადად იცნობდა.

- 70-იანებში ლენინგრადში ვცხოვრობდი, კარგად ვიცნობდი ვისოცკის, - იხსენებს მურმანი. - ვიყავი მისი კონცერტის ორგანიზატორი. დილით ჩამოვიდა ლენინგრადში, კონცერტი ჩაატარა, ღამის მატარებლით კი უკან დაბრუნდა, მოსკოვში. აფიშების გაკვრაც კი ვერ მოვასწარით.

რატომ არ დაანთო ოლიმპიური ცეცხლი მოსკოვში ქართველმა სპორტსმენმა

ოლიმპიადისთვის საბჭოთა კავშირი ისე ემზადებოდა, თითქოს სიმწიფის ატესტატის მისაღებად გამოცდას აბარებდა. სპეციალურად გაწვრთნილი მილიცია, გიდები, სასტუმროების მუშაკები. მაღაზიების ჯადოსნურად შევსებული დახლები. ყველა რესპუბლიკა ცდილობდა, თავისი კულტურა საუკეთესო მხრიდან წარმოეჩინა. თუ იყო ქართული ცეკვები, მათ ხალხური სიმღერისა და ცეკვის აკადემიური ანსამბლი „ერისიონი“ ასრულებდა, თუ იყო ღვინო - იყო მხოლოდ საუკეთესო სამარკო ნიმუშები, თუ იყო ტკბილეული - იყო ყველაზე გემრიელი ჩურჩხელა.

ლეგენდარული ქართველი, ამერიკის პრეზიდენტები და მიტროფანე ლაღიძის პასუხი „კოკა–კოლას“

- სასტუმროს ყველა სართულზე, რომელშიც მსაჯები ცხოვრობდნენ, გახსნილი იყო ბუფეტი და იყიდებოდა საუკეთესო ქართული ღვინო და კონიაკი, - ამბობს მსაჯი. - მეგობრები და ნაცნობები, რომლებმაც იცოდნენ, რომ პროფესიით ტექნოლოგი ვიყავი, რჩევებს მეკითხებოდნენ ალკოჰოლურ სასმელთან დაკავშირებით. ყველა მაგიდაზე, რომელსაც სპორტსმენები უსხდნენ, იდგა „ლაღიძის“ ლიმონათები და მინერალური წყალი „ბორჯომი“. ლიმონათი ყველას ძალიან მოსწონდა და კითხულობდნენ - ეს ის ლიმონათია, რომელიც თქვენთან „კონუსებში“ იყიდება?

ქართველი სპორტსმენების ყოველი გამარჯვების შემდეგ საქართველოს წარმომადგენლები იკრიბებოდნენ ოლიმპიური სოფლის ქართულ შტაბში და დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნავდნენ გამარჯვებას. იშლებოდა ქართული სუფრა, ჩვენი ეროვნული სამზარეულო დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ოლიმპიურ სოფელში პროფესიონალი მზარეულები რესტორნებიდან კულინარიულ შედევრებს ქმნიდნენ.

- სხვათა შორის, კარგ საცივს ამზადებდნენ, - იღიმება მურმანი. - სიმღერებიც იყო, ცეკვებიც. ნანი ბრეგვაძე, ზურაბ სოტკილავა, ცეკვის ანსამბლი „ერისიონი“ - ეს ვინც მახსოვს, ბევრი აღარც მახსოვს, პატარა ხომ აღარ ვარ. არ გეგონოთ, რომ ვიწრო, ქართულ წრეში ვტრიალებდით. ოლიმპიურ სოფელში გასაოცარი ატმოსფერო სუფევდა. ყველა სპორტსმენმა, მათ შორის, უცხოელმა, გაიცნო ერთმანეთი, დამეგობრდა. ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ.

საბჭოთა კავშირმა უცხოელი სპორტსმენები სასიამოვნოდ გააოცა. სავსე მაღაზიები, ხელმისაწვდომი ფასები, კეთილგანწყობილი მოსახლეობა და ადამიანებს შორის თბილი ურთიერთობა. „უმრავლესობა საბჭოთა კავშირს ტოვებდა მტკიცე რწმენით, რომ საბჭოეთში ცხოვრება უკეთესია, ვიდრე ევროპაში“, - აღნიშნავს მურმანი. რა თქმა უნდა, მათ ხომ სოციალიზმის სამოთხეში შეიხედეს.

ჩვენმა რესპონდენტმა ოდნავ მოიწყინა და მცირე პაუზის შემდეგ გააგრძელა:

- ეჰ, დასანანია. საბჭოთა მსაჯებს ყოველ წელს საერთაშორისო პასპორტს გვაძლევდნენ კაპიტალისტურ ქვეყნებში გასამგზავრებლად. კავშირი ადგენდა საერთაშორისო კლასის არბიტრების ექვს-შვიდკაციან სიას. პასპორტებიც მათთვის მზადდებოდა. პასპორტი კავშირის დაშლამდე მოქმედებდა. სხვათა შორის, საზღვარგარეთ მგზავრობა სსრკ-ის დაშლის შემდეგაც გავაგრძელე, იმის მიუხედავად, რომ საქართველო არ იყო კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის წევრი. მოსკოვიდან დავფრინავდი. დღეს საერთო წარსულსა და საბჭოთა კავშირზე ნეგატიურად საუბარია მიღებული. ადამიანებსა და ხალხებს შორის კი ნამდვილი მეგობრობა იყო, რომელზეც დღეს არაფერი იციან. აღარც არსებობს, იშვიათი და ძვირფასი რამაა...