ფიტნეს–ცენტრებისა და აუზების ნაწილი დახურულია: ვინ და რატომ ვერ გაიარა შემოწმება

თბილისში არსებული სპორტული დარბაზებისა და საცურაო აუზების ნაწილმა ვერ დააკმაყოფილა ჯანდაცვის უწყების მოთხოვნები.
Sputnik

თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. ჯანდაცვის სამინისტროს შემოწმება 69 ფიტნეს–ცენტრმა და 19-მა საცურაო აუზმა ვერ გაიარა – მათ აუცილებელი მოთხოვნების დაკმაყოფილება ვერ შეძლეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

შრომის ინსპექციამ აღნიშნულ ობიექტებზე სოციალური დისტანციის დაცვასთან დაკავშირებული დარღვევები აღმოაჩინა.

ყველა დარღვევის გამოსწორების შემდეგ საქმიანობის განახლებისთვის ობიექტებმა ჯანდაცვის უწყებას განცხადებით თავიდან უნდა მიმართონ. 

ფიტნეს–ცენტრებისა და საცურაო აუზების მფლობელებს პირობები წაუყენეს

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის თქმით, დადგენილი რეგულაციები კორონავირუსით ინფიცირებისგან სპორტული დარბაზებისა და საცურაო აუზების მომხმარებელთა დაცვის მექანიზმია.

აუზებში რეგულარულად უნდა ტარდებოდეს წყლის ლაბორატორიული შემოწმება. შეზლონგებზე აკრძალულია შეწოვის ეფექტის მქონე რბილი მასალების გამოყენება. ამასთან, ყოველი გამოყენების შემდეგ შეზლონგების დეზინფექცია უნდა ჩატარდეს. 

„აუზებისთვის მოთხოვნაა ბაქტერიოლოგიური კვლევის ყოველდღიურად ჩატარება, 10 დღეში ერთხელ კი სრული ლაბორატორიული კვლევა“, – განაცხადა ფერაძემ.

ჯანდაცვის უწყებამ გაითვალისწინა საცურაო აუზების მფლობელების უკმაყოფილება ყოველდღიურად აუზებში წყლის 10%-ის შეცვლის მოთხოვნასთან დაკავშირებით და ეს მოთხოვნა შეამსუბუქა. მათ კომპრომისული ვარიანტი შესთავაზეს – 24 საათის განმავლობაში წყლის 5%-ის შეცვლა“, – აღნიშნა ფერაძემ.

როგორც ადრე თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, კორონავირუსის გავრცელების კუთხით უფრო დიდი საფრთხის შემცველია მასობრივი თავშეყრის ადგილები, ვიდრე ფიტნეს–ცენტრები და საცურაო აუზები.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების გაუქმების ექვსეტაპიანი გეგმის თანახმად, ფიტნეს–დარბაზებისა და საცურაო აუზების გახსნა ბოლო ეტაპზე იყო დაგეგმილი.