მსოფლიო დღეს

ფრესკები ფარდებით დაიფარება: აია-სოფიას მუსლიმური ღვთისმსახურებისთვის ამზადებენ

პირველი მუსლიმური ღვთისმსახურება მეჩეთად გადაკეთებულ აია-სოფიაში, რომელსაც ცოტა ხნის წინ ჩამოერთვა მუზეუმის სტატუსი, 24 ივლისს უნდა ჩატარდეს.
Sputnik

თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. ქრისტიანული მოზაიკები და ფრესკები აია-სოფიას ტაძარში მუსლიმური ლოცვების დროს ფარდებით დაიფარება, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა იბრაჰიმ კალინმა.

თურქეთმა ისტორიული შეცდომა გამოასწორა: ერდოღანი აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთებას განმარტავს

მანამდე თურქეთის რელიგიის საქმეთა სამმართველო აღნიშნავდა, რომ ნამაზების დროს აუცილებელია ქრისტიანული სიმბოლიკის დაფარვა ან ჩაბნელება.

აღსანიშნავია, რომ პირველი მუსლიმური ღვთისმსახურება აია-სოფიაში 24 ივლისს უნდა ჩატარდეს.

„შუქის სისტემა გამოყენებული არ იქნება. ახლა მიმდინარეობს მუშაობა იმაზე, რომ ფრესკები და მოზაიკები ფარდების სისტემით დაიფაროს, რომელიც უკვე თითქმის მზადაა. მთავარი ისაა, რომ გამოსახულებებსა თუ, ზოგადად, ნაგებობას არანაირი ზიანი არ მიადგეს“, — აღნიშნა კალინმა ტელეარხ NTV-ს ეთერში.

მიმდინარე წლის 10 ივლისს თურქეთის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ გააუქმა 1934 წლის გადაწყვეტილება, რომლის ძალითაც აია-სოფიას ტაძარს მუზეუმის სტატუსი ენიჭებოდა. ამის შემდეგ პრეზიდენტმა ერდოღანმა მალევე მოაწერა ხელი ტაძრის მეჩეთად გადაკეთების ბრძანებულებას.

კაკულია: აია-სოფიას ისევ მეჩეთად გადაქცევა ძალიან ძვირი დაუჯდება თურქეთს>>

წმიდა სოფიას ტაძარი ქრისტიანმა იმპერატორმა იუსტინიანემ დააარსა. ის 537 წლის 27 დეკემბერს გაიხსნა. აია-სოფია დაახლოებით ათასი წლის განმავლობაში რჩებოდა ყველაზე დიდ ქრისტიანულ ტაძრად მსოფლიოში. ოსმანთა მიერ კონსტანტინოპოლის დაპყრობისა და ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ, 1453 წელს ტაძარი მეჩეთად გადაკეთდა. 1934 წელს კი, თანამედროვე თურქული სახელმწიფოს დამაარსებლის მუსტაფა ქემალ ათათურქის დეკრეტის თანახმად, ტაძარს მუზეუმის სტატუსი მიენიჭა. აია-სოფია შედის იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში.