თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. შვეიცარია საქართველოს მოქალაქეებს თავის საზღვრებს ყოველგვარი შეზღუდვებისა და უსაფრთხოების დამატებითი ზომების გარეშე უხსნის, ნათქვამია ქვეყნის მიგრაციის საკითხებში სახელმწიფო სამდივნოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
შვეიცარიის მთავრობის გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მოქალაქეებს ქვეყნის საზღვრების გადალახვა როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო გზით თავისუფლად, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე შეუძლიათ, 20 ივლისიდან მოქმედებს.
თუმცა, ამ გადაწყვეტილებას მოჰყვება პირობაც – ის შეიძლება შეიცვალოს საქართველოში ეპიდემიური ვითარებიდან გამომდინარე.
შვეიცარიამ კორონავირუსის პროფილაქტიკის მიზნით 6 ივლისიდან ზომები გაამკაცრა. ქვეყნის ხელისუფლებამ შეადგინა COVID-19-ის მაღალი რისკის ქვეყნების სია, რომელიც მუდმივად ახლდება. 6 ივლისიდან ამ ქვეყნებიდან ჩასული მოქალაქეები ვალდებული არიან 10-დღიანი კარანტინი გაიარონ. კარანტინისთვის თავის არიდებას დიდი ოდენობის ჯარიმა მოჰყვება.
ევროკავშირის საბჭომ საქართველო ევროკავშირის არაწევრი უსაფრთხო ქვეყნების ნუსხაში შეიყვანა. უსაფრთხო ქვეყნების სიაში, საქართველოს გარდა, ასევე შევიდნენ ალჟირი, ავსტრალია, კანადა. იაპონია, მაროკო, ახალი ზელანდია, რუანდა, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, ტუნისი და ურუგვაი.
სიაში შედის ჩინეთიც, თუმცა ამ ქვეყნისთვის საზღვრები იმ პირობით გაიხსნება, თუ ჩინეთიც გახსნის თავის საზღვრებს ევროკავშირის მოქალაქეებისთვის.
კორონავირუსის პანდემიის გამო ევროპის ქვეყნებმა თავიანთი საზღვრები ევროკავშირის არარეზიდენტებისთვის მარტში დაკეტეს. პირველი სიის მომზადების შემდეგ (30 ივნისს) იქ მოხვედრილი ქვეყნებისთვის საზღვრები 1 ივლისიდან ნაწილობრივად იხსნება.
იმ ქვეყნების განსაზღვრის კრიტერიუმები, რომლებისთვისაც ევროკავშირი რეკომენდაციას გასცემს, რომ მოიხსნას მოქმედი შეზღუდვა საზღვრების გადალახვაზე, ითვალისწინებს ეპიდემიურ ვითარებას, ვირუსის გავრცელების აღსაკვეთად გატარებულ ზომებს, მათ შორის ფიზიკურ დისტანცირებას, ასევე ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობას.
საქართველოსთვის საზღვრები გახსნეს შვეიცარიამ, უნგრეთმა, გერმანიამ, ლატვიამ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, ნიდერლანდებმა, იტალიამ და სხვა ქვეყნებმა.
ტესტირება, კარანტინი, მოგზაურობის ისტორია - რა უნდა ვიცოდეთ საქართველოს საზღვრის კვეთისას>>
საქართველომ, თავის მხრივ, საზღვრები ყოველგვარი პირობების გარეშე ხუთი ქვეყნისთვის გახსნა, ესენია: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი.