თბილისი, 20 ივლისის — Sputnik. კორონავირუსის ვაქცინის კლინიკური გამოცდა დასრულდა, ყველა მოხალისე გაწერილია კლინიკიდან, იუწყება РИА Новости რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.
„რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, გამალეის სახელობის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის კვლევით ცენტრთან ერთად, წარმატებით დაასრულა კორონავირუსი COVID-19-ის ვაქცინის კლინიკური გამოცდის ფაზა მოხალისეების მონაწილეობით აკადემიკოს ბურდენკოს სახელობის მთავარი სამხედრო კლინიკური ჰოსპიტლის ბაზაზე“, — ნათქვამია უწყების განცხადებაში.
აღინიშნება, რომ მოხალისეების 20-კაციანი ჯგუფი 20 ივლისს გაეწერა ჰოსპიტლიდან.
„ანალიზების შედეგები ერთმნიშვნელოვნად აჩვენებს ვაქცინაციის შედეგად იმუნური პასუხის გამომუშავებას ყველა მოხალისეში. გაწერის მომენტისთვის მოხალისებს არ უფიქსირდებოდათ არანაირი გვერდითი მოვლენა, გართულება თუ არასასურველი რეაქცია, ან ჩივილები ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით“, — განმარტავს თავდაცვის სამინისტრო.
მოხალისეების შემოწმებების, ანალიზებისა და გამოკითხვების მონაცემები დასამუშავებლად გამალეის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის კვლევით ცენტრს გადაეცემა. მონაცემების დამუშავების შემდეგ იგეგმება პრეპარატის სახელმწიფო რეგისტრაცია.
მანამდე სამედიცინო სამსახურის პოლკოვნიკმა სერგეი ბორისევიჩმა განაცხადა, რომ აღნიშნული პრეპარატით ვაქცინაციის შედეგად წარმოქმნილი ანტისხეულები ორგანიზმში დიდხანს რჩება.