რატომ ტოვებენ თანამდებობებს მერები?

2017 წელს არჩეული მერების უმრავლესობას რომ წყალი ჰქონდა შეყენებული და არჩევნების მოახლოებასთან ერთად პოსტებს დატოვებდნენ, ამაზე ქართულ მედიაში კარგა ხანია, ვრცელდებოდა ინფორმაცია, თუმცა მომხდარმა უკვე შეაშფოთა არასამთავრობო სექტორი და ეს კიდევ ყველაფერი როდია.
Sputnik

მოკლედ, ორი დღის წინ ბათუმის მერიც გადადგა. არადა, მის წინამორბედს ჯერ კიდევ ასამართლებენ...

ადგილობრივი თვითმმართველობის სპეციალისტები იმ ფაქტმა შეაშფოთა, რომ განცხადება 16 ივლისს დაიწერა. არადა, ორიოდე დღით ადრე რომ დაწერილიყო, საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, სავარაუდოდ, ბათუმელები ადგილობრივ მმართველსაც აირჩევენ... ახლა კი 2021 წლის შემოდგომამდე ბათუმს ტექნიკური მერი ანუ ისეთი პირი ეყოლება, რომელსაც ცენტრიდან შეარჩევენ და ხალხის ლეგიტიმაცია ნაკლებად ექნება.

საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალების ხანა იწყება

კარგა ხანია, ქუთაისსაც არ ჰყავს პირველი პირი. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს არც არჩევნების დროს ამოსდიოდათ მზე და მთვარე გიორგი ჭიღვარიაზე, რომელიც მოხერხებულად ჩახტა 2012 წლის შემდეგ „ქართული ოცნების“ ნავში, მაგრამ რახან დიტო სამხარაძის კადრი გახლდათ, ასე თუ ისე, აირჩიეს. ახლა უპარლამენტოდ დარჩენილ საუნივერსიტეტო ქალაქში სეფე სიტყვა თურმე გუბერნატორ ზვიად შალამბერიძეს ეთქმის, რომელიც ქუთაისის დეპუტატობასაც უმიზნებს. ვნახოთ, რამდენად გააკეთებს მასზე აქცენტს მმართველი პარტია, რომელიც ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ ჩატარებულმა სოციოლოგიურმა კვლევებმა ხუმრობის ხასიათზე დააყენა...

„რეფორმერი“, ახალგაზრდული პოლიტიკა და საარჩევნო სტრატეგია

ოცნების ლიდერებს აშკარად გაეხარდათ ოპოზიციური არხის მინიჭებული 35 პროცენტი, თუმცა იქვე აღნიშნეს, ჩვენი კვლევებით ეგ ციფრები შებრუნებით არისო, ანუ 53 პროცენტს ველითო. იმ ფონზე, როცა ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა საზოგადოებას ახალი ვერაფერი შესთავაზა, „ქართული ოცნების“ გამარჯვება რომ გარანტირებულია, ამაზე თითქმის აღარავინ დავობს.

მიუხედავად ამისა, სარწმუნო წყაროების ცნობით, არჩევნებამდე „ოცნების“ ლიდერები თითქმის ყველა არაპოპულარული პირველი პირის გადაყენებას გეგმავენ.

სავარაუდოდ, ხარაგაულის, ბათუმის, ქუთაისის მერების ბედს ლაგოდეხის, ბაღდათის მერებიც გაიზიარებენ.

ასევე დატოვა თანამდებობა ქუთაისის მერის მოადგილემ, ნინო თვალთვაძემ, რომელიც მუშაობას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გააგრძელებს.

საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები შესაძლოა ერთდროულად ჩატარდეს

ექსპერტები ყურადღებას იმაზე ამახვილებენ, რომ მერების გადადგომას გარკვეული ტალღურობა ახასიათებს და ყველა თითქოს საკუთარი ნებით მიდის დაკავებული თანამდებობიდან. ასე იყო 2018 წლის არჩევნების წინ. რაც შეეხება 2020 წელს, 11 მარტს თანამდებობიდან კასპის მერი მანუჩარ მერებაშვილი წავიდა. 1 აპრილს გადადგა თერჯოლის მერი ბონდო სოფრომაძე, 5 აპრილს ონის მერი ემზარ საბანაძე, ხოლო 8 აპრილს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია.

ყოფილი დეპუტატი ირაკლი მელაშვილი თვლის, რომ მერებმა მეტი პატივი უნდა სცენ ამომრჩევლებს და აუხსნან, რატომ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება. გია ხუხაშვილი კი ამბობს, რომ ამით დასტურდება, რომ არჩეული თანამდებობის პირები მეტ პასუხისმგებლობას გრძნობენ პარტიისა და სახელისუფლებო ვერტიკალის, ვიდრე საკუთარი ამომრჩევლის წინაშე.

ასეა თუ ისე, საქართველოში თვითმმართველობა მკვიდრდება და 2021 წლისათვის ადგილობრივ ლიდერებს მშვენიერი შანსი აქვთ, საკუთარი უნარები აჩვენონ.