თბილისი, 18 ივლისი - Sputnik. სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მეორე მონაკვეთზე ჯაპანა-ლანჩხუთის ახალი, 14-კილომეტრიანი გზა გაიხსნა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი დაესწრნენ.
„დღეს იხსნება 14-კილომეტრიანი მონაკვეთი, ყველა სტანდარტის დაცვით არის შესრულებული ეს გზა და ეს იქნება აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის უმნიშვნელოვანესი მონაკვეთი. ამ გზაზე ყველას გვივლია - უაღრესად სახიფათო გზა იყო როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე მძღოლებისთვის. რაც შეიძლება სწრაფად გურიის ეს მონაკვეთი უნდა დავასრულოთ“, - განაცხადა გახარიამ.
ახალი ოთხზოლიანი გზა, რომელიც 20-30%-ით ამცირებს გადაადგილების დროს, გვერდს აუვლის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ მონაკვეთს.
სამინისტროს ინფორმაციით, ავტომაგისტრალის ახალი მონაკვეთის გახსნის შემდეგ ავტოტრანსპორტი იმოძრავებს სპეციალური სქემის შესაბამისად. ახალი გზა გვერდს აუვლის სამტრედია-გრიგოლეთის გზის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ მონაკვეთს, სოფლებს - ჯაპანას, ქვიანს, ნიგოითსა და ქვემო შუხუთს.
პროექტი, საერთო ჯამში, 18.5 კილომეტრიანი ოთხზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 16 სახიდე გადასასვლელის, მათ შორის, სამი სატრანსპორტო კვანძის (გზაგამტარი), წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას მოიცავს.
პროექტის მიზანია ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მაღალი ინტენსივობის საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე მზარდი სატრანსპორტო ნაკადების გამტარუნარიანობის გაზრდა, უსაფრთხო მგზავრობისა და შეუფერხებელი სატრანზიტო მიმოსვლის უზრუნველყოფა.
მშენებლობას ევროპის საინვესტიციო ბანკი 254 მილიონ ლარით აფინანსებს.
რაც შეეხება სამტრედია-გრიგოლეთის გზის პირველ და მეოთხე მონაკვეთებს, აქ სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ხოლო მე-3 მონაკვეთზე სატენდერო პროცედურებია დაწყებული.
სულ მალე ექსპლუატაციაში შევა ხაშურის შემოვლითი გზაც.
წლის ბოლომდე ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე ჯამში 70 კმ-მდე გზა გაიხსნება.
აღმოსავლეთ–დასავლეთის საერთაშორისო გზის მონაკვეთი 2020 წელს გაიხსნება >>
აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი). საქართველოში Е-60 ფოთთან ახლოს იწყება და აზერბაიჯანთან საზღვარზე მთავრდება. საქართველოში დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.