კორონავირუსი თუ მოწამვლა? ოჯახი და ექიმები სხვადასხვა დიაგნოზს სვამენ

საუბარია ათი თვის ბავშვზე სოფელ ყარაჯალიდან, რომელსაც ახლა ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს ექიმები აკვირდებიან.
Sputnik

თბილისი, 17 ივლისი – Sputnik. ათი თვის ბავშვი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალიდან, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინეს, შესაძლოა, საკვებით მოიწამლა.

საქართველოში კორონავირუსი 10 თვის ბავშვს დაუდგინდა

როგორც ტელეკომპანია Palitranews-თან ბავშვის ბებიამ განაცხადა, ბავშვმა ნესვი შეჭამა და ამის შემდეგ გახდა ცუდად, გაუჩნდა მოწამვლის სიმპტომები – ღებინება და ფაღარათი. ბებია ირწმუნება, რომ მათ ოჯახში არავის ჰქონია კორონავირუსი და ამიტომ ბავშვს ვირუსი არ გადაედებოდა.

თავდაპირველად ბავშვს თელავის საბავშვო პოლიკლინიკაში მკურნალობდნენ. სიმპტომების გამო, რომელიც კორონავირუსს ახასიათებს, მედიკოსებმა მისი COVID-19-ზე შემოწმება გადაწყვიტეს. ტესტი დადებითი აღმოჩნდა. ამჟამად ბავშვი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება, სადაც კიდევ ერთი ტესტი ჩაუტარდა და ისიც დადებითი აღმოჩნდა. ინფიცირების წყარო ჯერჯერობით დაუდგენელია.

COVID 19: შესაძლოა ბავშვი ინფიცირებული იყოს, მაგრამ ანალიზმა არ აჩვენოს - ბოლო კვლევა>>

ბავშვთან ერთად კლინიკაშია მისი დედაც. ექიმების თქმით, ბავშვს კორონავირუსის მსუბუქი ფორმა აქვს და მისი მდგომარეობა სტაბილურია.