Edison Research-ის გამოკითხვის შედეგები არჩევნების წინ: ვის „სწყალობს" მოსახლეობა

ამ ეტაპზე საქართველოს ყოველი მეხუთე ამომრჩეველი ჩამოყალიბებული არ არის, თუ ვის დაუჭერს მხარს საპარლამენტო არჩევნებზე.
Sputnik

თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მიმდინარე წლის ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს, ასეთია ამერიკული კომპანია Edison Research-ის გამოკითხვის შედეგები, რომელიც ოპოზიციურად განწყობილმა ტელეკომპანია Formula-მ წარმოადგინა.

კვლევა 23 ივნისიდან 13 ივლისის პერიოდში – საპარლამენტო არჩევნებამდე თითქმის ოთხი თვით ადრე ჩატარდა.

გამოკითხვის თანახმად, არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს გამოკითხულთა 71%, დანარჩენი 29% კი მონაწილეობას არ აპირებს. ამასთან, თუ არჩევნები ხვალ გაიმართება, მაშინ გამოკითხულთა დიდი ნაწილი (39%) ხმას მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" მისცემს. გამოკითხვაში მონაწილეთა 20%-ს კი გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს.

რაც შეეხება ოპოზიციას, 16% მზადაა ხმა მისცეს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", 5% კი „ევროპულ საქართველოს" უჭერს მხარს.

1%-იანი ბარიერის პირობებში პარლამენტში მოხვედრის შანსები ასე აქვთ შემდეგ ოპოზიციურ პარტიებს:

პარტიალიდერიგამოკითხულთა მხარდაჭერა (%)
„საქართველოს ლეიბორისტული პარტია"შალვა ნათელაშვილი3%
„ლელო საქართველოსთვის"მამუკა ხაზარაძე3%
„ახალი საქართველო"გიორგი ვაშაძე3%
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი"ირმა ინაშვილი3%
„გირჩი"ზურაბ ჯაფარიძე2%
„მოქალაქე"ალეკო ელისაშვილი2%
„ერთიანი საქართველო"ნინო ბურჯანაძე1%
„გამარჯვებული საქართველო"ირაკლი ოქრუაშვილი1%
„სამართლიანობისთვის"ეკ ბესელია1%
„თავისუფალი საქართველო"კახა კუკავა1%

ამასთან, გამოკითხულთა 59%-ს ხელისუფლებაში ახალი პარტიის ნახვა სურს, დანარჩენების სურვილია, რომ მმართველი პარტია "ქართული ოცნება" ხელისფლებაში მესამე ვადით დარჩეს.

გარდა ამისა, გამოკითხულთა 56%-ს მიაჩნია, რომ ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლა ქვეყნის განვითარებაზე დადებითად აისახება, 44% კი თვლის, რომ ყველაფერი გაუარესდება.

გამოკითხვა თბილისსა და რეგიონებში პირდაპირი ინტერვიუს გზით ჩატარდა. მასში მონაწილეობა მიიღო 18 წელზე უფროსი ასაკის 2 ათასმა საქართველოს მოქალაქემ. ცდომილება +/- 2,1%-ს შეადგენს.